საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან ტერი დევისისაგან წერილი მიიღო
30 აპრილი, 2006
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ ევროპის საბჭოს გენერალური მდივნისაგან, ტერი დევისისაგან საპასუხო წერილი მიიღო. ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა აფხაზეთის ე.წ. საბანკო სისტემასთან რუსული ბანკების არალეგალური თანამშრომლობის შესახებ აცნობა და აღნიშნული პრობლემის მოგვარების საკითხში ევროპის საბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის ექსპერტთა კომიტეტის (MONEYVAL) მხრიდან დახმარების აღმოჩენა სთხოვა. საპასუხო წერილში ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს მოუწოდა, სრული ინფორმაცია აფხაზეთში რუსული ბანკების არალეგალური საქმიანობის შესახებ მიეწოდებინა MONEYVAL-ის მისიის წევრებისათვის, რომლებიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ.
აღნიშნული მისია საქართველოში ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის არსებული სისტემის შესასწავლად ჩამოვიდა. ვიზიტის ფარგლებში მათ შეხედვრები ჰქონდათ საქართველოს ეროვნულ ბანკში, გენერალურ პროკურატურაში, შინაგან საქმეთა, ფინანსთა და ეკონომიკური განვითარების სამინისტროებში, დაზღვევისა და ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელ ორგანოებში, კომერციულ ბანკებსა და საბროკერო კომპანიებში.
MONEYVAL-ის მისიის წევრებთან შემაჯამებელ შეხვედრისას საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა აღნიშნა: “ჩვენთვის უმთავრესია, რომ საქართველოს ჰქონდეს კარგი რეპუტაცია, ქართულ ბანკებს კი – დადებითი იმიჯი. შესაბამისად, საქართველოში ლიბერალურ საბანკო კანონმდებლობასთან ერთად, მკაცრი კანონები გვაქვს ისეთი შემთხვევებისათვის, როდესაც საქმე შავი ფულის გათეთრებას შეეხება.”
რომან გოცირიძის თქმით, აფხაზეთში მოქმედი ე.წ. ბანკების საქმიანობა არალეგალური და აბსოლუტურად უკონტროლოა. “ეს საერთაშორისო მნიშვნელობის პრობლემაა.” – აღნიშნა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.
MONEYVAL-ის მისიის წევრებმა აღნიშნეს, რომ საქართველოში ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით აშკარა პროგრესი შეიმჩნევა. მათ დადებითად შეაფასეს საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებული ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მუშაობა. მისიის წევრებმა განაცხადეს, რომ ყურადღებას მიაქცევენ ყველა იმ საკითხს, რომელიც საქართველოში ვიზიტის დროს ქართული მხარის მიერ იქნა დასმული. რაც შეეხება აფხაზეთის ე.წ. საბანკო სისტემასთან რუსული ბანკების არალეგალური თანამშრომლობის საკითხს, მისიის ექსპერტების თქმით, მას MONEYVAL-ი შეისწავლის და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს