საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლებისა და ტერორიზმის დაფინანსების ლეგალიზების საწინააღმდეგო ევრაზიული ჯგუფის თავმჯდომარეს წერილი გაუგზავნა
27 მარტი, 2006
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლებისა და ტერორიზმის დაფინანსების ლეგალიზების საწინააღმდეგო ევრაზიური ჯგუფის (EAG) თავმჯდომარეს ვიქტორ ზუბკოვს წერილი გაუგზავნა, რომელშიც მას რუსეთის საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან თვითაღიარებული აფხაზეთის რესპუბლიკის უკანონო საბანკო დაწესებულებებთან კონტაქტების აღკვეთისათვის შესაბამისი ზომების გატარებისაკენ მოუწოდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა აღნიშნა EAG-ის განსაკუთრებული როლი ფულის გათეთრებასთან, ტერორიზმის დაფინანსებასთან ბრძოლასა და ამ სფეროში საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრებაში. ამასთან, მან ყურადღება გაამახვილა აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ტერიტორიაზე უკანონო საბანკო და სხვა საფინანსო ინსტიტუტების ფუნქციონირების ფაქტებზე.
აფხაზეთის ე. წ. საბანკო სისტემა ფუნქციონირებს აბსოლუტურად დამოუკიდებლად და იგნორირებას უკეთებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ წესებსა და ნორმებს. მათ შორის, ბანკების ლიცენზირება-ინსპექტირებისა და ზედამხედველობის ნორმებს, არაკანონიერი შემოსავლების ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების საწინააღმდეგო პრინციპებს. საერთაშორისო სამართლის მიხედვით, საქართველოს ეროვნული ბანკის ლიცენზიისა და საქართველოს კანონმდებლობის ნორმების დაქვემდებარების გარეშე ფუნქციონირებადი აფხაზეთის ბანკები არაკანონიერი ფორმირებებია.
საქართველოს ეროვნული ბანკის ხელთ არსებული ინფორმაციით, აფხაზეთის ე. წ. ბანკებს დამყარებული აქვთ მჭიდრო საქმიანი ურთიერთობები რუსეთის ფედერაციის საფინანსო სტრუქტურებთან. მათი დახმარებით აფხაზეთში არაკანონიერად მოქმედ ბანკებს შეუფერხებლად და უკონტროლოდ შეუძლიათ ნებისმიერი მომსახურების გაწევა კლიენტებისათვის, საერთაშორისო ფულადი ტრანზაქციების ჩათვლით.
აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის კომერციული ბანკების გარდა, რუსეთის საფინანსო სტრუქტურებთან მჭიდრო ურთიერთობა აქვს ე. წ. „აფხაზეთის ეროვნულ ბანკს“, რომელსაც კრასნოდარის მხარის „კრაიინვესტბანკში“ არაერთი ანგარიში აქვს გახსნილი.
„აფხაზეთის ტერიტორიაზე მოქმედი ე. წ. ნორმატიული აქტები აბსოლუტურად არაეფექტურია, რადგან ისინი არ შეიცავენ უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტების გამოვლენისა და პრევენციის დებულებებს, რაც ნაყოფიერ ნიადაგს ქმნის სხვადასხვა სახის ფინანსური მაქინაციების, უკონტროლო საერთაშორისო ფულადი ტრანზაქციების (რუსეთის ბანკების მეშვეობით) და სხვ., განხორციელებისათვის. აქედან შეიძლება დავასკვნათ, რამ აფხაზეთი დანაშაულებრივი შემოსავლების გათეთრების თვალსაზრისით კრიმინალური სტრუქტურებისათვის ერთ-ერთი მიმზიდველი რეგიონია, განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ აფხაზეთში შექმნილ საერთო კრიმინოგენურ ვითარებას, რომელიც ხასიათდება ისეთი სამართალდარღვევების სიუხვით, როგორიცაა უკანონო პრივატიზაცია, კონტრაბანდა, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვა, გამოსასყიდის მიღების მიზნით ადამიანთა გატაცება, მათ შორის აფხაზეთის მეზობელი რაიონებიდან“, -აღნიშნულია წერილში.
რომან გოცირიძე მიმართავს EAG-ის თავმჯდომარეს მიიღოს ზომები რუსეთის საფინანსო ინსტიტუტების თვითაღიარებული აფხაზეთის რესპუბლიკის უკანონო საბანკო დაწესებულებებთან კონტაქტების აღსაკვეთად, რომლებიც, პრობლემებს უქმნის როგორც საქართველოს და რუსეთს, ასევე ევრაზიული ჯგუფის მუშაობაში მონაწილე სხვა სახელმწიფოებს.
დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლებისა და ტერორიზმის დაფინანსების ლეგალიზების საწინააღმდეგო ევრაზიური ჯგუფი (EAG) FATF-ის (ფულის გათეთრების წინააღმდეგ მებრძოლ ქმედებათა ჯგუფი) ტიპის სტრუქტურაა. იგი 2004 წლის 6 ოქტომბერს ქ. მოსკოვში შეიქმნა. მასში გაწევრიანებულნი არიან: ჩინეთი, რუსეთი, ბელორუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი. აღნიშნულ ჯგუფში დამკვირვებლის სტატუსით არიან დიდი ბრიტანეთი, იტალია, აშშ, საქართველო, უზბეკეთი, უკრაინა, საფრანგეთი, FATF-ი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი, ინტერპოლი, გაეროს ნარკოტიკებთან და დანაშაულთან ბრძოლის სამმართველო და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები.