საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის “კა-ეფ-ვეს” დელეგაცია მიიღო

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის “კა-ეფ-ვეს” დელეგაცია მიიღო

04 მაისი, 2005
  საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის “კა-ეფ-ვეს” დელეგაცია მიიღო, რომელსაც ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი დორის კიონი ხელმძღვანელობს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან შეხვედრისას ქალბატონმა დორის კიონმა აღნიშნა, რომ “კა-ეფ-ვე” მზადაა, არა მარტო გააგრძელოს, არამედ გააფართოოს მისი მონაწილეობა საქართველოს საფინანსო ბაზარზე და წარმოადგინოს ისეთი საბანკო პროდუქტები, როგორიცაა კერძო სექტორში იპოთეკური გრძელვადიანი დაკრედიტება და მიკროდაზღვევა. ეროვნული ბანკი დეპოზიტების დაზღვევის სქემის შემუშავებაში “კა-ეფ-ვეს” წამყვანი პარტნიორია. რომან გოცირიძემ აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება. საქართველოს ეროვნულ ბანკში ჩამოყალიბებული ჯგუფი, გერმანელ ექსპერტებთან ერთად, კანონპროექტს შეიმუშავებს და შესთავაზებს პარლამენტს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ დეპოზიტების დაზღვევის სქემის შემოღება საქართველოს კომერციულ ბანკებში თვისობრივად გაზრდის საბანკო სისტემისადმი მოსახლეობის ნდობას. “კაეფ-ვე” საქართველოს საფინანსო-საბანკო სექტორში 1998 წლიდან ერთობლივი ქართულ-გერმანული ფონდის მეშვეობით საქმიანობს. გერმანული საბანკო ჯგუფი ქართული “ემ-ბი-ჯი” ბანკის (ამჟამინდელი “პროკრედიტბანკის”) დამფუძნებლებს შორისაც იყო.
სხვა სიახლეები