საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა აფხაზეთში რუსული 

ბანკების უკანონო მოქმედების საკითხი აშშ-ის ფედერალური სარეზერვო 

სისტემის ხელმძღვანელობასთან შეხვედრაზე განიხილა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა აფხაზეთში რუსული ბანკების უკანონო მოქმედების საკითხი აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელობასთან შეხვედრაზე განიხილა

26 აპრილი, 2006
ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რომან გოცირიძე აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა. რომან გოცირიძემ თავისი ამერიკელი კოლეგების წინაშე აფხაზეთის ე. წ. საკრედიტო დაწესებულებებთან რუსეთის კომერციული ბანკების უკანონო თანამშრომლობის საკითხი დააყენა. შეხვედრას დაესწრნენ ფედერალური სარეზერვო სისტემის ზედამხედველობის, იურიდიული და საერთაშორისო ფინანსების დეპარტამენტების ხელმძღვანელი პირები.   საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აფხაზეთის ე. წ. საბანკო სისტემა ფუნქციონირებს აბსოლუტურად დამოუკიდებლად და იგნორირებას უკეთებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ წესებსა და ნორმებს. მათ შორის, ბანკების ლიცენზირება-ინსპექტირებისა და ზედამხედველობის ნორმებს, არაკანონიერი შემოსავლების ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების საწინააღმდეგო პრინციპებს. საერთაშორისო სამართლის მიხედვით, საქართველოს ეროვნული ბანკის ლიცენზიისა და საქართველოს კანონმდებლობის დაქვემდებარების გარეშე ფუნქციონირებადი აფხაზეთის ბანკები არაკანონიერი სტრუქტურებია. რომან გოცირიძემ აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის წარმომადგენლებს აცნობა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის ოფიციალური მიმართვის შესახებ, რომელიც მან „დიდი შვიდეულისა“ და მსოფლიოს სხვა წამყვანი სახელმწიფოების ფინანსთა სამინისტროებსა და ცენტრალურ ბანკებში გააგზავნა. მიმართვაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი აფხაზეთში რუსული ბანკების არალეგალური ქმედებების გამო აღშფოთებას გამოთქვამდა. დოკუმენტში ზურაბ ნოღაიდელი მიმართვდა მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების ფინანსთა მინისტრებსა და ცენტრალური ბანკების მმართველებს, გაეტარებინათ შესაბამისი სანქციები იმ რუსული ბანკების წინააღმდეგ, რომლებიც თანამშრომლობენ აფხაზეთში მოქმედ ე. წ. საბანკო დაწესებულებებთან.   საქართველოს ეროვნული ბანკის ხელთ არსებული ინფორმაციით, აფხაზეთის ე. წ. ბანკებს დამყარებული აქვთ მჭიდრო საქმიანი ურთიერთობები რუსეთის ფედერაციის საფინანსო სტრუქტურებთან. მათი დახმარებით აფხაზეთში არაკანონიერად მოქმედ ბანკებს შეუფერხებლად და უკონტროლოდ შეუძლიათ ნებისმიერი მომსახურების გაწევა კლიენტებისათვის, საერთაშორისო ფულადი ტრანზაქციების ჩათვლით.   აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის წარმომადგენლები გაგებით შეხვდნენ იმ ინფორმაციას, რომელიც მათ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა მიაწოდა. რომან გოცირიძემ ამერიკელ კოლეგებს გააცნო რუსული ბანკების ჩამონათვალი, რომლებიც აფხაზეთის ე. წ. საბანკო სისტემასთან თანამშრომლობენ. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აფხაზეთში მოქმედი ბანკები ლიცენზიის გარეშე, ე. ი. არალეგალურად საქმიანობენ. ამდენად, მათთან საკორესპონდენტო ურთიერთობების დამყარება ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და საბანკო ზედამხედველობის ბაზელის კომიტეტის მიერ შემუშავებულ პრინციპებს. რაც შეეხება რუსულ ბანკებს, რომლებიც აფხაზეთის ე. წ. საბანკო სტრუქტურებთან თანამშრომლობენ, არღვევენ საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და საეჭვო რეპუტაციას იქმნიან. ასეთი რუსული ბანკების საქმიანობას ამერიკის შეერთებული შტატების საბანკო სისტემასთან სათანადო ყურადღება მიექცევა, _ აღინიშნა შეხვედრაზე.   აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემაში გამართულ შეხვედრაზე ითქვა, რომ საჭიროა აღნიშნული საკითხის დაყენება აშშ-ის დეპოზიტების დაზღვევის ფედერალურ სისტემაში, სადაც ფორმირდება ე. წ. „შავი სია“ ბანკებისა, რომელთა საქმიანობამაც ხელი შეუწყო „შავი ფულის“ გათეთრებას. ეს საკითხი დადგება ასევე აშშ-ის ხაზინის საზედამხედველო დეპარტამენტში, რათა აფხაზეთის ე. წ. საბანკო სექტორთან რუსული ბანკების თანამშრომლობის პრობლემა სათანადოდ იქნეს შესწავლილი.   აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის გარდა, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა აღნიშნული საკითხი აშშ-ის ხაზინის წინაშეც დააყენა.   აფხაზურ ბანკებთან საკორესპონდენტო ურთიერთობები აქვთ დამყარებული შემდეგ რუსულ ბანკებს:   „ეს-დე-ემ ბანკი“ (ქ. მოსკოვი, რუსეთის ფედერაცია) „როსსლავბანკი“ (ქ. მოსკოვი, რუსეთის ფედერაცია) „ყუბანტორგბანკი“ (ქ. კრასნოდარი, რუსეთის ფედერაცია) „ნოვოსიბირსკვნეშტორგბანკი“ (ქ. ნოვოსიბირსკი, რუსეთის ფედერაცია) „ბანკ მოსკვი“ (ქ. მოსკოვი, რუსეთის ფედერაცია) „ვიპ ბანკი“ (ქ. მოსკოვი, რუსეთის ფედერაცია) „ევროპრომინვესტი“ (ქ. მოსკოვი, რუსეთის ფედერაცია) „კრაიინვესტბანკი“ (ქ. კრასნოდარი, რუსეთის ფედერაცია) „კიიბ სოჩი“ (ქ. სოჭი, რუსეთის ფედერაცია) „მეჟპრომბანკი“ (ქ. მოსკოვი, რუსეთის ფედერაცია) „სვიაზბანკი“ (ქ. მოსკოვი, რუსეთის ფედერაცია)   აფხაზური სახელმწიფო და კომერციული სტრუქტურები სარგებლობენ რუსეთის ფედერაციის შემდეგი ბანკების მომსახურებით:   „დონბანკი“ (ქ. დონის როსტოვი, რუსეთის ფედერაცია) „ვნეშაგრობანკი“ (ქ. კოლომნა, რუსეთის ფედერაცია) „სითი ბანკი“ (ქ. მოსკოვი, რუსეთის ფედერაცია) „ურალის საგარეო ვაჭრობის კომერციული ბანკი“ (ქ. ეკატერინბურგი, რუსეთის ფედერაცია) „იუგბანკი“ (ქ. კრასნოდარი, რუსეთის ფედერაცია) „მოსკომპრივატბანკი“ (ქ. სოჭი, რუსეთის ფედერაცია) „მოსკოვპრივატბანკი“ (ქ. მოსკოვი, რუსეთის ფედერაცია) „საუთ-ვესტ ბანკი“ (ქ.როსტოვი, რუსეთის ფედერაცია) „ნორდ-ვესტ ბანკი“(ქ. სანკტ-პეტერბურგი, რუსეთის ფედერაცია) „ნორდ-კავკაზუს ბანკი“ (ქ. სტავროპოლი, რუსეთის ფედერაცია) „ბენკ ნორთ ტრეჟერი“ (ქ. ეკატერინბურგი, რუსეთის ფედერაცია) „სვიაზბანკი“ (ქ. მოსკოვი, რუსეთის ფედერაცია) „იუნიასტრუმბანკი“ (ქ. მოსკოვი, რუსეთის ფედერაცია) „როსტბიზნესბანკი“ (ქ. მოსკოვი, რუსეთის ფედერაცია) „ატონბანკი“ (ქ. მოსკოვი, რუსეთის ფედერაცია) „მეჟპრომბანკი“ (ქ. მოსკოვი, რუსეთის ფედერაცია) „კავკაზპრომსტროიბანკი“ (ქ. ჩერკესკი, რუსეთის ფედერაცია) „სმოლენსკი ბანკი“ (ქ. სმოლენსკი, რუსეთის ფედერაცია) „რუსეთის ფედერაციის შემნახველი ბანკი“ „ნოვოკუზნეცკი მუნიციპალნი ბანკ“ ქ. ნოვოკუზნეცკი) „საერთაშორისო ინდუსტრიული ბანკი“ (რუსეთის ფედერაცია) „რუსეთის ელიტბანკი“ (რუსეთის ფედერაცია) რუსეთის ფედერაციის შემნახველი ბანკის დასავლეთ ურალის ბანკი“ (ქ. პერმი) „ალფაბანკი“ (ქ. მოსკოვი) „ბანკ მოსკვი“ (ქ. მოსკოვი) „მდმ ბანკი“ (ქ. მოსკოვი) „როსბანკი“ (ქ. მოსკოვი) „მეჟდუნაროდნი მოსკოვსკი ბანკი“ (ქ. მოსკოვი) „პრომსვიაზბანკი“ (ქ. მოსკოვი) „როსსელხოზბანკი“ (ქ. მოსკოვი) „ბანკი ვოზროჟდენიე“ „ევრაზბანკი“ (ქ. ნემჩილოვკა-1) „ბანკ ცენტრინვესტი“ (ქ. დონის როსტოვი)   საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ზურაბ ნოღაიდელმა „დიდი შვიდეულისა“ და მსოფლიოს სხვა წამყვანი სახელმწიფოების ფინანსთა სამინისტროებსა და ცენტრალურ ბანკებში ოფიციალური მიმართვა გააგზავნა. მასში საქართველოს პრემიერ-მინისტრი აფხაზეთში რუსული ბანკების არალეგალური ქმედებების გამო აღშფოთებას გამოთქვამდა. დოკუმენტში ზურაბ ნოღაიდელი მიმართვდა მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების ფინანსთა მინისტრებსა და ცენტრალური ბანკების მმართველებს, გაეტარებინათ შესაბამისი სანქციები იმ რუსული ბანკების წინააღმდეგ, რომლებიც თანამშრომლობენ აფხაზეთში მოქმედ ე. წ. საბანკო დაწესებულებებთან.  
სხვა სიახლეები