საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი შავი ზღვის აუზის, ბალკანეთისა და შუა აზიის ქვეყნების ცენტრალური ბანკების მმართველთა კლუბის სხდომაზე მოხსენებით გამოვიდა
11 ნოემბერი, 2005
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ შავი ზღვის აუზის, ბალკანეთისა და შუა აზიის ქვეყნების ცენტრალური ბანკების მმართველთა კლუბის რიგით მეთოთხმეტე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც 11-12 ნოემბერს მოსკოვში გაიმართა.
შეხვედრაზე მოხსენებით – „ფულად-საკრედიტო პოლიტიკა: მომავლის გამოწვევა მარეგულირებიელი ორგანოებისათვის“ წარსდგა ევროპის ცენტრალური ბანკის აღმასრულებელი საბჭოს წევრი, პროფესორი ოტმარ ისინგი, ხოლო მეორე მოხსენებით – „გამოცდილება ადამიანისა, რომელმაც მთელი ცხოვრება ცენტრალურ ბანკში იმუშავა“, ინგლისის ბანკის ყოფილი მმართველი ლორდი ედვარდ ჯორჯი. ძირითადი მოხსენებების შემდეგ დისკუსია გაიმართა, რომელიც რუსეთის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარემ სერგეი იგნატიევმა გახსნა.
უცხოელი კოლეგების წინაშე სიტყვით წარდგა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რომან გოცირიძე. მისი მოხსენების თემა იყო – „საქართველოს ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკა: მიზნები და გამოწვევები ახალ რეალობაში“.
ცენტრალური ბანკების მმართველთა შეხვედრაზე კლუბის წევრებმა ერთი საორგანიზაციო საკითხიც გადაწყვიტეს. დღეიდან ისრაელის ცენტრალური ბანკის მმართველი სტენლი ფიშერი შავი ზღვის აუზის, ბალკანეთისა და შუა აზიის ქვეყნების ცენტრალური ბანკების მმართველთა კლუბის სრულუფლებიანი წევრია. სტენლი ფიშერი 2005 წლის მაისიდან არის ისრაელის ბანკის მმართველი. სხვადასხვა დროს იგი მუშაობდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის პირველ მოადგილედ, მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტად და ერთ-ერთი უმსხვილესი საფინანსო კორპორაციის „სიტიგრუფ ინტერნეიშენელის“ პრეზიდენტად.
შავი ზღვის აუზის, ბალკანეთისა და შუა აზიის ქვეყნების ცენტრალური ბანკების მმართველთა კლუბის შეხვედრა წელს რუსეთში მეორედ გაიმართა. 27-28 მაისს მმართველთა კლუბის მეცამეტე შეხვედრას სანკტ-პეტერბურგი მასპინძლობდა. აღნიშნული კლუბის წევრები არიან: საქართველო, ალბანეთი, აზერბაიჯანი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, ბულგარეთი, ყაზახეთი, მაკედონია, მოლდოვა, რუსეთი, რუმინეთი, სერბეთი, სომხეთი, საბერძნეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქეთი, უკრაინა და ისრაელი.