საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის წარმომადგენელსა და ესტონეთის პარლამენტის საფინანსო კომისიის თავმჯდომარეს შეხვდა
14 ივლისი, 2005
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რომან გოცირიძე შეხვდა სამხრეთ კავკასიაში ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის პროექტების დირექტორს ვოლფგანგ იონსა და ესტონეთის პარლამენტის საფინანსო კომისიის თავმჯდომარეს მელის ატონენს, რომელიც საქართველოში ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის მიწვევით იმყოფება. სტუმრები დაინტერესდნენ საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური პროცესებით, განსაკუთრებით კი ქვეყნის საფინანსო სექტორში არსებული მდგომარეობით.
შეხვედრაზე ესტონეთის პარლამენტის საფინანსო კომისიის თავმჯდომარემ მელის ატონენმა, რომელსაც 2003-2004 წლებში ესტონეთის ეკონომიკისა და კომუნიკაციების მინისტრის პოსტი ეკავა, ვრცლად ისაუბრა იმ პროცესებზე, რომლებიც ესტონეთში ამ ქვეყნის ევროზონაში ინტეგრაციასთან დაკავშირებით მიმდინარეობს. ესტონეთში 2007 წლის დასაწყისიდან ევრო უნდა შევიდეს მიმოქცევაში.
ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი სამხრეთ კავკასიის რეგიონში მერვე, უშუალოდ საქართველოში კი 3 წელია რაც საქმიანობს. ფონდი საქართველოში, ძირითადად, საგანმანათლებლო, ადამიანის უფლებათა დაცვისა და საარჩევნო საკითხებით არის დაინტერესებული.