საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა

08 თებერვალი, 2006
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია მიიღო, რომელსაც სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის განყოფილების უფროსი ჯონ ვეიკმან-ლინი ხელმძღვანელობს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ვიზიტის მიზანია ქვეყანაში განხორციელებული ეკონომიკური პოლიტიკის შეფასება და „სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური ზრდის“ პროგრამის მიმდინარეობის განხილვა.   საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელის ჯონ ვეიკმან-ლინის განცხადებით, „სავალუტო ფონდის მისიის ვიზიტის ძირითადი მიზანია  „სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური ზრდის“ პროგრამის მიმდინარეობის განხილვა. მისიის წევრები შეისწავლიან და გაანალიზებენ როგორც 2005 წლის, ისე მიმდინარე წლის ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის მაკროეკონომიკურ პარამეტრებს“. სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ პოზიტიურად აფასებს საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობას, ფულის მასის მოცულობის მართვასა და ინფლაციის ერთნიშნა მაჩვენებლის მიღწევას.   საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის რომან გოცირიძის განცხადებით, „საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 2005 წელს განხორციელებული ფულად-საკრედიტო პოლიტიკა წარმატებული იყო. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა პროგრამით გათვალისწინებული ყველა პარამეტრი შეასრულა.  საერთაშორისო საფინანსო ბაზრებზე ნავთობის ფასის ზრდის ფონზე, შარშან ქვეყანაში დაფიქსირებული ინფლაციის პარამეტრი არა მარტო სავალუტო ფონდის, არამედ სხვა უცხოელი ექსპერტების მიერ პოზიტიურად ფასდება.“   საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ სამუშაო ვიზიტი საქართველოში 8 თებერვალს დაიწყო და 15 თებერვლამდე გასტანს. მას შემდეგ, რაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია მთავრობასთან და საქართველოს ეროვნულ ბანკთან „სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური ზრდის“ პროგრამით მაკროეკონომიკური პარამეტრების განხილვას დაასრულებს, მათ მიერ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მომზადდება. აღნიშნული დოკუმენტი დასამტკიცებლად საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორთა საბჭოს წარედგინება. დამტკიცების შემთხვევაში, საქართველო საერთაშორისო სავალუტო რეზერვების შესავსებად მორიგ ტრანშს მიიღებს.   საერთაშორისო სავალუტო ფონდის „სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური ზრდის“ პროგრამა, დაახლოებით, 141,6 მლნ აშშ დოლარის მოცულობით, 2004 წლის 4 ივნისს დამტკიცდა. აღნიშნული სამწლიანი პროგრამის ფარგლებში პირველი ტრანში, დაახლოებით 20 მლნ აშშ დოლარის ოდენობით, ეროვნულმა ბანკმა 2004 წლის 21 ივნისს მიიღო. მეორე ტრანში საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშზე 2005 წლის 11 იანვარს, ხოლო მესამე 5 აგვისტოს ჩაირიცხა. „სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური ზრდის“ პროგრამის კრედიტების ვადა განისაზღვრება 10 წლით 0,5% წლიური სარგებლის გადახდითა და 5,5-წლიანი შეღავათიანი პერიოდით.
სხვა სიახლეები