საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რომან გოცირიძე უკრაინელ და ქართველ მოსწავლეებს შეხვდა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რომან გოცირიძე უკრაინელ და ქართველ მოსწავლეებს შეხვდა

20 ივნისი, 2006
    საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რომან გოცირიძე უკრაინელ და ქართველ მოსწავლეებს შეხვდა, რომლებმაც გაიმარჯვეს ბავშვთა საერთაშორისო ფონდ „ვუნდერკინდის“ მიერ ორი ქვეყნის მასშტაბით გამოცხადებულ კონკურსში – „რა ვიცი საქართველოს შესახებ“ და „ვინ უკეთ იცნობს უკრაინას“.   შეხვედრაზე რომან გოცირიძემ უკრაინელ და ქართველ მოსწავლეებს საჩუქრად გადასცა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული წიგნი „ფული საქართველოში“. მისი განცხადებით, „2006 წელი საქართველოში გამოცხადებულია, როგორც უკრაინის წელი. ორი ერის მეგობრობა საუკუნეებს ითვლის, ჩვენს ქვეყნებს ბევრი რამ აკავშირებს და ეს ურთიერთობა კიდევ უფრო ღრმავდება.  ამის დასტურია ის ფაქტიც, რომ გასულ წელს, ორი ქვეყნის მეგობრობის აღსანიშნავად, უკრაინის ეროვნულმა ბანკმა დავით გურამიშვილის დაბადების 300 წლისთავისადმი მიძღვნილი, 2 გრივნის ნომინალის საიუბილეო მონეტა მოჭრა, რომელიც პოპულარული გახდა როგორც უკრაინაში, ისე საქართველოში. მონეტების მთელი პარტია მისი გამოსვლისთანავე გაიყიდა“.   რომან გოცირიძემ ხაზი გაუსვა და მიესალმა იმ ფაქტს, რომ კონკურსში გამარჯვებულმა მოსწავლეებმა საქართველოსა და უკრაინის ისტორიისა და კულტურის საფუძვლიანი ცოდნა გამოამჟღავნეს. “ვფიქრობ, საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმში მიღებული ინფორმაცია საქართველოში ფულის მიმოქცევის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის შესახებ მათ ცოდნას კიდევ უფრო გააღრმავებს“, – აღნიშნა მან.   საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა უკრაინელ მოსწავლეებს მსოფლიო ჩემპიონატში  უკრაინელ ფეხბურთელთა გუნდის გამარჯვება მიულოცა და მათ სიმბოლური საჩუქარი – 1981 წლის ევროპის თასების მფლობელთა თასის ფინალში თბილისის „დინამოს“ გამარჯვების 25 წლის აღსანიშნავად მოჭრილი საიუბილეო მონეტა გადასცა.   ქართველი და უკრაინელი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მოსწავლეებისათვის ვიქტორინა-კონკურსი თებერვალში გამოცხადდა და მაისის ბოლოს დასრულდა. კონკურსის პირობების მიხედვით, ბავშვებს უნდა გამოევლინათ ცოდნა საქართველოსა და უკრაინის ისტორიის, გეოგრაფიისა და კულტურის სფეროებში.   ივნისის დასაწყისში კონკურსში გამარჯვებული ქართველი მოსწავლეები მიწვეულნი იყვნენ კიევში.   ვიქტორინა-კონკურსის ორგანიზატორები არიან: საქართველოს მხრიდან ბავშვთა საერთაშორისო ფონდი „ვუნდერკინდი“ და საყმაწვილო გაზეთი „ნერგი“, უკრაინიდან – „უკრაინის მსოფლიო ხალხათა სულიერი ერთობის აკადემია“ და საბავშვო ჟურნალი „ვულიკი“ (ფუტკარი).
სხვა სიახლეები