საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნიდერლანდების ვიცე-პრემიერს შეხვდა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნიდერლანდების ვიცე-პრემიერს შეხვდა

11 ივნისი, 2005
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რომან გოცირიძე 11 ივნისს ნიდერლანდების მთავრობის ვიცე-პრემიერს და ფინანსთა მინისტრს გერიტ ზალმს შეხვდა.   საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე ეკონომიკურ პოლიტიკას და ნიდერლანდების დახმარების სტრატეგიას. „სასიხარულოა, რომ თქვენს ქვეყანაში ეკონომიკური განვითარების დონე დინამიკურია. ეროვნულმა ბანკმა ინფლაციისა და გაცვლითი კურსის სტაბილურობის შენარჩუნება უნდა უზრუნველყოს,“ - აღნიშნა რომან გოცირიძესთან შეხვედრის შემდეგ მედიის წარმომადგენლებთან საუბარში ნიდერლანდების ვიცე-პრემიერმა.     რაც შეეხება ფისკალურ პოლიტიკას, გერიტ ზალმის განცხადებით, გადასახადების გადახდის მაჩვენებელი გაიზარდა, რაც სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ბაზის სრულყოფის მნიშვნელოვანი ელემენტია. გარდა ამისა, საქართველოში კორუფციის დონეც საგრძნობლად შემცირდა, რაც სახელმწიფო ორგანოების მმართველობის ხარისხის შემდგომი გაუმჯობესების არსებითი საფუძველია.   რომან გოცირიძის განცხადებით, ნიდერლანდები საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორი სახელმწიფოა. „ჰოლანდიის წარმომადგენელი იერუნ კრემერსი საერთაშორისო სავალუტო ფონდში აღმასრულებელი დირექტორის სტატუსით ჩვენს ინტერესებს იცავს. რამდენიმე წელია  ევროკავშირის წევრი ნიდერლანდები ჩვენს ქვეყანას ტექნიკურ და ფინანსურ დახმარებას უწევს, რომლის ფარგლებში არაერთი პროექტი დაფინანსდა“, - აღნიშნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.   რომან გოცირიძის ინფორმაციით, ნიდერლანდების ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელობამ ქართველ კოლეგებს საერთაშორისო სავალუტო რეზერვების მართვისა და საბანკო ზედამხედველობის სფეროში სამუშაო გამოცდილების გაზიარების კუთხით დახმარება აღუთქვა. უახლოეს მომავალში ამ საკითხებთან დაკავშირებით კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება.   რომან გოცირიძის შეფასებით, „სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური ზრდის პროგრამის ფარგლებში“, მთავრობის მიერ ნაკისრი ვალდებულებებიდან ეროვნულმა ბანკმა ერთნიშნა ინფლაციის დონის შენარჩუნება და სარეზერვო ფულის მასის ზომიერი ზრდა უნდა უზრუნველყოს. პრივატიზაციიდან შემოსული თანხების თანმიმდევრული ხარჯვის თაობაზე  ფინანსთა სამინისტრომ, ეროვნულმა ბანკმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდმა შეთანხმებას მიაღწიეს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, ეროვნული ბანკი მის ხელთ არსებული ინსტრუმენტების მეშვეობით, მიმოქცევაში არსებული ზედმეტი ფულადი მასის  სტერილიზებას განახორციელებს, ხოლო მთავრობა, აღებული ვალდებულების შესაბამისად, კაპიტალის შემოდინების სწრაფად ათვისებას არ მოახდენს.
სხვა სიახლეები