საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კომერციული ბანკების ხელმძღვანელებს შეხვდა
16 იანვარი, 2006
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ საქართველოს კომერციული ბანკებისა და საქართველოს ბანკების ასოციაციის ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე საქართველოს საბანკო სისტემის განვითარების ოთხწლიან სტრატეგიაზე ისაუბრა.
დოკუმენტზე მუშაობას საქართველოს ეროვნული ბანკი უახლოეს მომავალში დაასრულებს.
შეხვედრაზე განიხილეს საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც საბანკო სისტემის განვითარებას და ამ სექტორში უცხოური ინვესტიციების მოზიდვას შეუწყობს ხელს. მათი ნაწილი ეროვნული ბანკის ინიციატივით უკვე შევიდა საქართველოს პარლამენტში. აღნიშნული მიმართულებით მუშაობა საქართველოს მთავრობაშიც მიმდინარეობს, რაც ქვეყანაში ფინანსური სექტორის განვითარებას ასევე დააჩქარებს.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ კომერციული ბანკების ხელმძღვანელებს ქვეყნის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები გააცნო. შეხვედრაზე ასევე განიხილეს საბანკო ზედამხედველობის კუთხით მოსალოდნელი სიახლეები.
აღინიშნა, რომ უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება 2005 წელს საქართველოში საბანკო სექტორის საქმიანობის ამსახველი სტატისტიკური მონაცემები. აღნიშნულ მაჩვენებლებზე დაყრდნობით უკვე წინასწარ შესაძლებელია დასკვნის გაკეთება, რომ შარშან საქართველოს საბანკო სექტორი რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით ყველაზე სწრაფი ტემპით განვითარდა.