საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ვაშინგტონში საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და მსოფლიო ბანკში შეხვედრებს გამართავს
19 აპრილი, 2006
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რომან გოცირიძე სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში მიემგზავრება. იგი მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მმართველთა საბჭოს ყოველწლიური შეხვედრის მუშაობაში. შეხვედრაზე განიხილება მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის პროგრამების მიმდინარეობისა და განხორციელების საკითხები.
საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მმართველთა საბჭოს შეხვედრა თავს უყრის საფინანსო ელიტას მთელი მსოფლიოს მასშტაბით. აღნიშნულ ფორუმზე გამოიკვეთება ის ძირითადი პრიორიტეტები, რომლებითაც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან სახელმწიფოთა მთავრობებისადმი მხარდაჭერა უნდა გაძლიერდეს.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ხელმძღვანელ პირებთან, სადაც განიხილება საქართველოში „სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური ზრდის“ პროგრამის მიმდინარეობის საკითხი.