საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ვარშავაში გამართულ სემინარზე მოხსენებით გამოვიდა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ვარშავაში გამართულ სემინარზე მოხსენებით გამოვიდა

02 აგვისტო, 2005
პოლონეთში საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის რომან გოცირიძის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო. პირველი შეხვედრა მას პოლონეთის ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან ლეშეკ ბალცეროვიჩთან ჰქონდა. შეხვედრაზე ეროვნული ბანკების პრეზიდენტებმა ისუბრეს ორივე ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობასა და საქართველოსა და პოლონეთის სამომავლო თანამშრომლობაზე საბანკო სფეროში.   საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის რომან გოცირიძის განცხადებით, მეტად მნიშვნელოვანია პოლონეთის, როგორც წარმატებული რეფორმების ქვეყნის გამოცდილების შესწავლა. „აღსანიშნავია, რომ პოლონეთის საბანკო სისტემა დროის შედარებით მოკლე პერიოდში საერთაშორისო სტანდარტების დონეზე გავიდა. პოლონეთის ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული ზედამხედველობის მოქნილი პოლიტიკის შედეგად ამ ქვეყნის საბანკო სექტორი მყარი და სტაბილურია და, შესაბამისად, გარე ინვესტორებისათვის – მიმზიდველი. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს საბანკო სისტემა სტაბილურად ვითარდება, ბაზარი კონკურენტუნარიანია და აკმაყოფილებს ბანკების ზედამხედველობის საერთაშორისო პრინციპებს, პოლონური გამოცდილების გაზიარება საქართველოს საბანკო სექტორისათვის ახალ პერსპექტივებს დასახავს“, – განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ.     შეხვედრაზე პოლონეთის ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ლეშეკ ბალცეროვიჩმა ქართველ კოლეგას უახლოეს მომავალში ექსპერტების გაცვლითი პროგრამის შემუშავება აღუთქვა.   ვიზიტის ფარგლებში პოლონეთის ეროვნული ბანკის ორგანიზებით მოწყობილ სემინარზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გააკეთა მოხსენება – „საქართველო: ეკონომიკური ცვლილებები და პერსპექტივები „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ“. სემინარს, რომელიც პოლონეთის ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ლეშეკ ბალცეროვიჩმა გახსნა, პოლონეთის ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი პირები, კომერციული ბანკების წარმომადგენლები, მეცნიერები, პოლონური ბიზნესისა და პრესის წარმომადგენლები დაესწრნენ. მოხსენებამ სემინარის მონაწილეების დიდი ინტერესი გამოიწვია. მოხსენების ირგვლივ გამართულმა დისკუსიამ დაგეგმილზე ერთი საათით მეტხანს გასტანა.   ვიზიტის დღის წესრიგი ითვალისწინებს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შეხვედრებს პოლონეთის ზარაფხანაში, საქმიანი წრეების წარმომადგენლებთან ვარშავასა და კრაკოვში.
სხვა სიახლეები