საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის რომან გოცირიძის მოწვევით საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის ვიზიტი გაიმართება
31 იანვარი, 2006
თურქეთის რესპუბლიკის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი სურეია სერდენგეჩთი ქართველი კოლეგის რომან გოცირიძის მოწვევით 16-18 თებერვალს საქართველოს სამუშაო ვიზიტით ესტუმრება. ვიზიტის ძირითადი მიზანია თურქეთთან, როგორც საქართველოს ერთ-ერთ მთავარ სავაჭრო პარტნიორთან ურთიერთობების გაღრმავება, მათ შორის, საბანკო-საფინანსო სფეროში.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორი ქვეყნის ცენტრალური ბანკების პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრა, რომლის შემდეგ მოეწყობა ბრიფინგი მასმედიის წარმომადგენლებისათვის. 17 თებერვალს სასტუმრო „შერატონ-მეტეხი პალასში“ თურქეთის რესპუბლიკის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი სურეია სერდენგეჩთი გამართავს პრეზენტაციას თემაზე – „მონეტარული ვითარება თურქეთში და ცენტრალური ბანკის როლი ამ პროცესში“. პრეზენტაციას დაესწრებიან საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოსა და საქართველოს პარლამენტის წევრები. დაგეგმილია შეხვედრები საქართველოში მოქმედი საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და კომერციული ბანკების წარმომადგენლებთან.
თურქეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი მოინახულებს თურქული კომერციული ბანკის „ზირაათბანკის“ თბილისის ოფისს, შემდეგ ქართველ კოლეგასთან ერთად საქართველოში მოქმედი თურქული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდება.
ვიზიტის ფარგლებში თურქეთის რესპუბლიკის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პარლამენტსა და სახელმწიფო კანცელარიაში.
თურქეთის რესპუბლიკის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი სურეია სერდენგეჩთი სამშობლოში წარმატებული საბანკო რეფორმის ავტორად ითვლება. იგი 1952 წელს ქალაქ სტამბულში დაიბადა. სურეია სერდენგეჩთი თურქეთის რესპუბლიკის ცენტრალურ ბანკში 1980 წლიდან მუშაობს. მას ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის პოსტი 2001 წლის მარტიდან უკავია. სურეია სერდენგეჩთის მმართველობის პერიოდში თურქეთის რესპუბლიკაში წარმატებული ფულადი რეფორმა განხორციელდა.