საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის 23 იანვარს გამართული სხდომის გადაწყვეტილება

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის 23 იანვარს გამართული სხდომის გადაწყვეტილება

23 იანვარი, 2008
  pdf   საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის 23 იანვრის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, მონეტარული პოლიტიკის ძირითადი განაკვეთი (ერთკვირიანი სადეპოზიტო სერთიფიკატების საპროცენტო განაკვეთი),  100 საბაზო პუნქტით, წლიურ 10 პროცენტამდე, გაიზარდა.   ეკონომიკური აქტივობის ზრდას ხელი შეუწყო სახელმწიფო და კერძო ხარჯებმა, ეს უკანასკნელი კი, თავის მხრივ, განაპირობა მაღალი კაპიტალური ნაკადების შემოდინებამ. დღეისათვის არსებული ინფორმაციის საფუძველზე, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა ორნიშნა რიცხვით გამოიხატება. 2007 წლის მესამე კვარტალში მან რეკორდულად მაღალ წლიურ – 12.6%–იან მაჩვენებელს მიაღწია. 2007 წლის მეორე კვარტალში დაწყებული ექსპორტის ზრდის ტემპი, რომელიც მესამე კვარტლის განმავლობაშიც შენარჩუნდა, ხელს უწყობდა ერთობლივი მოთხოვნის გაძლიერებას. ამასთან, 2007 წლის ნოემბრის თვეში პოლიტიკური არასტაბილურობის ფონზე მოსალოდნელია 2008 წლის განმავლობაში ეკონომიკური ზრდის ტემპის გარკვეული შენელება.   2007 წლის აგვისტოდან მოყოლებული ინფლაციის მზარდი ტემპი, დეკემბერში შესუსტდა და პერიოდის ბოლო ინფლაციამ 11 პროცენტი შეადგინა, ხოლო საშუალო ინფლაციამ 9.2 პროცენტი. როგორც სხვა ქვეყნებში, საქართველოში ინფლაციის მატება გამოწვეული იყო სურსათისა და ენერგომატარებლების ფასების ზრდითა და საქართველოში პოლიტიკური დაძაბულობით, რამაც გააძლიერა ინფლაციის მოლოდინი. ამასთანავე სახელმწიფო ხარჯებით და უცხოური კაპიტალის შემოდინებით გამოწვეულმა მონეტარული აგრეგატებისა და სესხების ზრდამ, გაამწვავა ინფლაციის დინამიკა.   მონეტარული აგრეგატები მკვეთრად გაიზარდა, მათ შორის ფულის მულტიპლიკატორისა და ეკონომიკის რემონეტაზაციის გამო. თუმცა აღნიშნული განსაკუთრებული ფაქტორების გამორიცხვითაც, მონეტარული ექსპანსიის ძირითადი ფაქტორები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.   მოკლევადიან პერსპექტივაში ფასების ზრდისკენ მიმართული რისკები არსებობს. მიმდინარე მონეტარული სიჭარბე, გაზრდილი სახელმწიფო დანახარჯები და კაპიტალურიდან სოციალურ დანახარჯებზე ორიენტაცია, მომავალი საპარლამენტო არჩევნები, მსოფლიო ბაზრებზე არსებული გაურკვევლობა გამოწვეული ფინანსური ტურბულენტობით და მოსახლეობის ინფლაციის მოლოდინის მატება, მოკლევადიანი პერიოდში ინფლაციის გაუარესებას გამოიწვევს. შესაბამისად მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებაა მიზანშეწონილი ზემოაღნიშნული რისკების გასანაიტრალებლად. მეორე მხრივ ნავთობის ფასების მოსალოდნელი შემცირება, რომელიც შესაძლო გლობალური ეკონომიკური ზრდის შენელებას მოყვეს, წრმოადგენს ფასების შემცირების შესაძლო რისკს.   საშუალოვადან პერსპექტივაში კაპიტალის მსხვილი უცხოური შემოდინებების პირობებში ინფლაციური წნეხის შერბილების მიზნით აუცილებელი მაკროეკონომიკური პოლიტიკის კომპოზიციის ცვლილება, რათა მოხდეს როგორც მონეტარული ასევე ფისკალური პოლიტიკის გამკაცრება. ზოგადად ქვეყნებმა, სადაც ადგილი ქონდა მსხვილ კაპიტალურ შემოდინებას, აღნიშნულ გამოწვევას ფისკალური კონსოლიდაციით უპასუხეს, ამიტომ მთავრობის მიერ გაცხადებული ფისკალური პროფიციტი უმნიშვნელოვანესია.   მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა განიხილა სავალდებულო რეზერვების წესებისა და ნორმების შესძლო ცვლილებები და გადაწყვიტა ამ ეტაპზე არ განეხორციელებინა ცვლილებები.   საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც ყურადღებით დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებს და ინფლაციის მიზნობრივ ჩარჩოებში მოქცევის მიზნით მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს.   2008 წლის იანვრიდან დაწყებული საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი რეგულარულად (ყოველთვიურად) განიხილავს ეკონომიკის მდგომარეობას და მიიღებს გადაწყვეტილებას პოლიტიკის ძირითადი საპროცენტო განაკვეთის შესახებ. შეხვედრების კალენდარი წინასწარ ქვეყნდება ეროვნული ბანკის ვებ–გვერდზე. მომდევნო შეხვედრა გაიმართება 2008 წლის 20 თებერვალს.  
სხვა სიახლეები