საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის 20 თებერვალს გამართული სხდომის გადაწყვეტილება
საქართველოს ეროვნული ბანკის- მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დღევანდელ შეხვედრაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება პოლიტიკის ძირითადი განაკვეთის (ერთკვირიანი სადეპოზიტო სერთიფიკატების საპროცენტო განაკვეთი), 100 საბაზო პუნქტით გაზრდის შესახებ, წლიურ 11 პროცენტამდე.
ეკონომიკური აქტივობა რჩება მაღალი, ხოლო მიუხედავად ბოლო სამი თვის განმავლობაში მისი შესუტების ნიშნებისა კაპიტალური შემოდინების ტემპი გაიზარდა თებერვალში და სავარაუდოდ ასე შენარჩუნდება მთელი წლის მანძილზე. შრომის ბაზრის უკანასკნელი მონაცემების მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ შრომის პროდუქტიულობის წლიურმა ზრდამ 2007 წლის მესამე კვარტალში შეადგინა 21 პროცენტი, ნომინალური შრომის ანაზღაურება, საშუალოდ, 39 პროცენტით მოიმატებს, რაც ინფლაციაზე დამატებით ზეწოლას წარმოშობს.
წლიური ინფლაციის მაჩვენებლის კლება გაგრძელდა იანვარში და 10.7 პროცენტს გაუტოლდა, ხოლო პერიოდის საშუალო ინფლაციის დონემ 9.3 პროცენტი შეადგინა. სხვა ქვეყნების მსგავსად, საქართველოშიც ინფლაციის მატება გამოწვეული იყო სურსათისა და ენერგომატარებლების ფასების ზრდით, რასაც თან ერთოდა პოლიტიკური დაძაბულობა, რომელიც აძლიერებდა ინფლაციის მოლოდინს. იანვრის მდგომარეობით, წლიურმა ინფლაციამ რუსეთში 12.6 პროცენტი, უკრაინაში – 19.4, აზერბაიჯანში – 16.3, სომხეთში – 6.6 და თურქეთში – 8.2 პროცენტი შეადგინა. ამასთანავე, მონეტარული აგრეგატებისა და სესხების ოდენობის ზრდამ, რასაც ხელს უწყობდა გაზრდილი სახელმწიფო ხარჯები და უცხოური კაპიტალის ნაკადები, გაამწვავა ინფლაციური პროცესები.
მიუხედავად იმისა, რომ გასულ წლებთან შედარებით სარეზერვო ფულის ზრდის ტემპი შემცირდა, მონეტარული აგრეგატები კვლავ მკვეთრად იზრდება, ფულის მულტიპლიკატორის სწრაფი ზრდის გამო.
იანვარში წლიური ინფლაციის 11 პროცენტიდან 10.7 პროცენტამდე კლების მიუხედავად, რისკები კვლავ ინფლაციის ზრდისაკენ არის მიმართული. მიმდინარე მონეტარული სიჭარბე, გაზრდილი და ძირითადად სოციალური ტიპის სახელმწიფო დანახარჯები, ძლიერი ინფლაციური მოლოდინი, მოკლევადიან პერიოდში, სავარაუდოდ, საპროგნოზო ინფლაციის გაუარესებას გამოიწვევს.
ამასთან, გუშინდელი მონაცემებით, ნავთობის ფასების მიერ 100 აშშ დოლარის ოდენობის ზღვარის გადალახვისა და საკვებ პროდუქტებზე (განსაკუთრებით ხორბალზე) ფასების მკვეთრი ზრდის გათვალისწინებით, ინფლაციაზე ზეწოლა, სავარაუდოდ, გაძლიერდება. შესაბამისად, მიზანშეწონილია მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ზემოაღნიშნული რისკების გასანეიტრალებლად.
საქართველოს ეროვნული ბანკი, ინფლაციის მიზნობრივ ჩარჩოებში მოქცევის მიზნით, მომავალშიც ყურადღებით დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს.
მონეტარული პოლიტიკის გამჭირვალობის კიდევ უფრო გასაზრდელად, საქართველოს ეროვნული ბანკი მიმდინარე წლის მარტიდან ყოველდღიურად გამოაქვეყნებს თბილისის ბანკთაშორის ბაზარზე არსებულ მოკლევადიან საპროცენტო განაკვეთებს (თიბრი).
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის 2008 წლის შეხვედრების კალენდარი გამოქვეყნებულია ეროვნული ბანკის ვებ–გვერდზე.
მომდევნო შეხვედრა გაიმართება 2008 წლის 19 მარტს.
საკონტაქტო პირი:
გიორგი კალანდაძე,
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი
ტელ.:(995 32) 442 488
ელ. ფოსტა: prd@nbg.gov.ge