საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის 14 მაისს გამართული სხდომის გადაწყვეტილება
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება პოლიტიკის ძირითადი განაკვეთის (ერთკვირიანი სადეპოზიტო სერტიფიკატების საპროცენტო განაკვეთი) უცვლელად დატოვების შესახებ. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 12 პროცენტს შეადგენს.
წინასაარჩევნო პერიოდში კაპიტალის შემოდინების ტემპის გარკვეულწილად შენელება შეიმჩნევა, თუმცა მოსალოდნელია, რომ არჩევნების შემდეგ კვლავ აღდგეს მანამდე არსებული ტემპები, რაც, სავარაუდოდ, შენარჩუნდება მთელი წლის მანძილზე. ბოლო დროს სარეზერვო ფულის ზრდის ტემპი მცირედით შენელდა, ასევე შემცირდა ფართო ფულის ზრდის მაჩვენებელი, რასაც ხელი შეუწყო ფულის მულტიპლიკატორის კლებამ, თუმცა ზემოთ აღნიშნული ინდიკატორების ზრდის ტემპები კვლავ მაღალია სასურველ დონესთან შედარებით.
ბოლო პერიოდში კერძო სექტორის დაკრედიტების, მოზიდულ სახსრებთან შედარებით, ზრდის მაღალმა დონემ მინიმუმამდე შეამცირა საქართველოს საბანკო სისტემაში არსებული ჭარბი ლიკვიდობა. აღნიშნულის საპასუხოდ, კომერციულმა ბანკებმა გაზარდეს საპროცენტო განაკვეთები. მართალია, ეს ნაბიჯი რამდენადმე დაგვიანებით გადაიდგა, მაგრამ უახლოეს მომავალში იგი ხელს შეუწყობს ფულად ბაზარზე წონასწორობის აღდგენას.
ექსპერტული გათვლები ძირითადი სასაქონლო ჯგუფების პროდუქციის მსოფლიო ფასებთან დაკავშირებით ოპტიმისტური რჩება: მოკლევადიან პერიოდში ნავთობის ფასის მნიშვნელოვანი ზრდა მოსალოდნელი არ არის, რაც შეეხება ხორბლის ფასს, წლის განმავლობაში სავარაუდოა მისი შემცირება. ასევე ფასები დაიკლებს მეტალებზე.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის წინა სხდომის შემდეგ, ინფლაციაზე მოქმედი რისკები იგივე დარჩა. იმ დაშვების გათვალისწინებით, რომ წლის განმავლობაში ადმინისტრირებადი ფასები არ შეიცვლება და საერთაშორისო ბაზრებზე ძირითად სასაქონლო პროდუქტებზე ფასების ცვლილება შესაბამისობაში იქნება არსებულ პროგნოზებთან, გაზრდილი საპროცენტო განაკვეთები უზრუნველყოფს წლის ბოლოსათვის ინფლაციის დონეს 8%-ის ფარგლებში.
საქართველოს ეროვნული ბანკი, ინფლაციის მიზნობრივ ჩარჩოებში მოქცევის მიზნით, მომავალშიც ყურადღებით დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს, და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომების 2008 წლის კალენდარული შეკრების განრიგი გამოქვეყნებულია ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე. მომდევნო შეხვედრა გაიმართება 2008 წლის 25 ივნისს.
იხილეთ PDF ვერსია (109KB)