საქართველოს ეროვნული ბანკის ისტორიული შენობის სახით დედაქალაქს კიდევ ერთი განათებული შენობა შეემატა
15 აგვისტო, 2005
საქართველოს ეროვნული ბანკის ისტორიული შენობის ფასადი ღამით განათებული იქნება. ამისათვის მასზე სხვადასხვა სიმძლავრისა და ზომის 60 ნათურა დამონტაჟდა. XX საუკუნის დასაწყისში აგებული შენობის ფასადი 100 წლის შემდეგ განათდა.
„შენობა, რომელშიც საქართველოს ეროვნული ბანკია განთავსებული, ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა თბილისში. იგი აგებისთანავე სპეციალურად საბანკო დაწესებულებისათვის იყო განკუთვნილი და ეს ფუნქცია მას დღემდე არ შეუცვლია“, – აღნიშნა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ. მისი თქმით, ეროვნული ბანკის შენობა თავისუფლების მოედნის არქიტექტურული ანსამბლის განუყოფელი ნაწილია. შენობის ფასადი თითქმის პირვანდელი სახით არის შემონახული და სიმბოლურია, რომ იგი შენობის აგებიდან 100 წლის შემდეგ განათდა.
1901-1906 წლებში მოდერნის სტილის შენობა თავიდანვე საბანკო დაწესებულებისათვის ააგეს. XX საუკუნის დასაწყისში აქ განლაგებული იყო აზოვ-დონისა და ვოლგა-კამას კომერციული ბანკები. მოგვიანებით, 1910 წლიდან საქართველოს გასაბჭოებამდე, შენობა ამიერკავკასიის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის განყოფილებას ეკუთვნოდა. საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდში შენობაში სსრკ სახელმწიფო ბანკის საქართველოს ფილიალი იყო განთავსებული, 1991 წლიდან კი მასში ბინა საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დაიდო.