საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის „ვიზა“-ს რეგიონულ დირექტორთან შეხვედრის შესახებ
05 მაისი, 2005
საქართველოში საერთაშორისო საგადამხდელო სისტემა „ვიზა“-ს არეალის გაფართოების შესახებ ისაუბრეს 5 მაისს სებ-ის ვიცე პრეზიდენტმა გიორგი ღლონტმა და „ვიზას“ რეგიონულმა დირექტორმა დსთ-ის ქვეყნებში სვეტლანა გეორბელიძემ
გიორგი ღლონტის გაცხადებით, ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებთან ერთად ხელს შეუწყობს საფინანსო ბაზარზე ლოკალურ ანგარიშსწორებას „ვიზა“ ბარათების გამოყენების პოპულარიზაციას, რაც მოქალაქეებს მომავალში გაუადვილებთ მათ კომუნალური და სხვა ტიპის გადასახადების გადახდასა და სავაჭრო ობიექტებში უნაღდო ანგარიშსწორებას. სებ-ის ვიცე-პრეზიდენტის შეფასებით, ლარებში ტრანზაქციების ზრდა პოზიტიურად იმოქმედებს ქვეყნის საფინანსო სისტემის განვითარებაზე.
ამასთან, ეროვნულ ვალუტაში პლასტიკური ბარათების გამოყენების არეალის გაფართოების შედეგად, გაიზრდება ფულის აკუმულირება კომერციულ ბანკებში, რომელთა დიდი ნაწილი ინახება ეროვნულ ბანკში მათივე საკორესპონდენტო ანგარიშებზე. ეროვნულ ბანკი კიდევ უფრო ეფექტურად განახორციელებს ფულადი მასის გაკონტროლებას. ამასთან ფულადი მასის მოძრაობის მაქსიმალური გამჭვირვალობა, როგორც ეროვნულ ბანკს, ისე ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ბიუჯეტის დაგეგმვის, საგადასახადო შემოსავლების გაანგარიშების კიდევ უფრო მარტივად და მაღალი სიზუსტით შესაძლებლობას მისცემს.
მსოფლიოში საერთაშორისო სადაგამხდელო სისტემა „ვიზა“-ს წევრია 190 ქვეყნის 22 ათასი კომერციული ბანკი. მოქმედებს 1.3 მლრდ პლასტიკური ბარათი, რომლის ბრუნვის საერთო მოცულობა 2.7 ტრლნ აშშ დოლარს შეადგენს.
საქართველოში ვიზას ძირითადი წევრი ბანკებია: სს „საქართველოს ბანკი“, სს თიბისი ბანკი“, სს ბანკი „ქართუ“ და სს „პროკრედიტბანკი“, ხოლო ასოცირებული წევრებია: სს ბანკი „რესპუბლიკა“, სს „აგრობიზნესბანკი“, სს „ბაზისბანკი“ და სს „სახალხო ბანკი“ და სს „გაერთაინებული ქართული ბანკი“.
საქართველოში მოქმედებს 100 ათასზე მეტი „ვიზა“ პლასტიკური ბარათი, საიდანაც 90%-ია „ვიზა ელექტრონის“, 5%-ია „ვიზა კლასიკის“, 4%-ია „ვიზა გოლდის“ და 1% „ვიზა ბიზნესის“ მფლობელი.
2004 წლის ოქტომბერში სებ-სა და „ვიზა“-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება „ვიზა“ პლასტიკური ბარათებით ეროვნულ ვალუტაში წარმოებული ოპერაციების კლირინგის სისტემის შესახებ (NNSS), რომელიც 2005 წლის 31 იანვრიდან ამოქმედდა.