საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე სამი ახალი კვლევითი ნაშრომი გამოქვეყნდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე სამი ახალი კვლევითი ნაშრომი გამოქვეყნდა

19 ივნისი, 2008

საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა პირველი სამი კვლევითი ნაშრომი, რომელიც შეიქმნა საქართველოს ეროვნული ბანკის ახალი პროგრამის ფარგლებში. პროგრამის მიზანია საქართველოში ეკონომიკური კვლევითი საქმიანობის გაფართოება, კვლევის ხარისხის ამაღლება და საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება.

პროგრამის ფარგლებში პირველი კვლევითი ნაშრომებია:

  • "ინფლაციის თარგეთირება საქართველოში: ვართ თუ არა მზად?" - ავტორები: გ. ბაქრაძე, ა. ბილმაიერი;
  • "ფულად-საკრედიტო გადაცემის მექანიზმი საქართველოში: სხვადასხვა გადამცემი არხის ანალიზი" - ავტორები: ვ. რუხაძე, ტ. მოერშენი;
  • "თბილისის უძრავი ქონების ბაზრის ანალიზი" - ავტორი: ბ. სამხარაძე.

საქართველოს ეროვნული ბანკის ეგიდით განხორციელებული ეკონომიკური კვლევების პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს კვლევების წარმართვას ისეთ თემებზე, რომელთა შედეგებიც გათვალისწინებული იქნება მაკროეკონომიკური პოლიტიკის, მათ შორის, მონეტარული პოლიტიკის ფორმირებისას.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, დავით ამაღლობელის განცხადებით, "აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ჩვენ მივიღებთ მაღალი დონის ეკონომიკურ კვლევებს, სადაც გამოყენებული იქნება თანამედროვე კვლევითი მეთოდები. პროგრამა მიზნად ისახავს მაღალი ხარისხის ეკონომიკური კვლევების პოპულარიზაციას საქართველოში. მართალია, ეროვნულ ბანკში მიმდინარეობს ეკონომიკური კვლევები, მაგრამ აუცილებელია დამოუკიდებელ მკვლევართა ნაშრომებით მათი შევსება, ამის საშუალებას კი ეს პროგრამა იძლევა. ასეთი კვლევებით ვღებულობთ მნიშვნელოვან ანალიტიკურ და ემპირიულ ინფორმაციას, რომელიც გათვალისწინებული იქნება მონეტარული პოლიტიკის შემუშავებისას".

ეკონომიკური კვლევების პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგია საქართველოს ეროვნული ბანკის ინგლისურენოვანი კვლევითი გამოცემის - საქართველოს ეროვნული ბანკის კვლევითი ნაშრომების (Working Papers) ციკლის შექმნა. პირველი სამი ნაშრომის სრული ინგლისურენოვანი ვერსია და ამ ნაშრომების ქართულენოვანი სინოფსისები უკვე განთავსდა საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე, სექციაში: კვლევები და გამოცემები.

სხვა სიახლეები