2007 წლის 24 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობის კომისიის გადაწყვეტილებით სს „სტანდარტ ბანკში“ საქართველოს ეროვნული ბანკის დროებითი ადმინისტრაცია შევიდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმის ამოქმედება განაპირობა სს „სტანდატ ბანკში“ წარმოქმნილმა ლიკვიდობის პრობლემებმა, რაც გამოიწვია მიმდინარე თვის დასაწყისიდან დეპოზიტების გადინების ტენდენციის გაძლიერებამ. ამის გამო, ბოლო დღეებში აღნიშნული ბანკი იმყოფებოდა საქართველოს ეროვნული ბანკის ყოველდღიური მონიტორინგის ქვეშ.
გასული კვირის განმავლობაში სს „სტანდარტ ბანკში“ მწვავე ლიკვიდობის პრობლემა წარმოიქმნა, რის გამოც იგი ვერ უზრუნველყოფდა მიმდინარე ვალდებულებების შესრულებას.
შესაბამისად, სს „სტანდარტ ბანკში“ წარმოქმნილი ლიკვიდობის პრობლემების აღმოსაფხვრელად, ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფისა და მეანაბრეთა ინტერესების დაცვის მიზნით, კომერციულ ბანკში დროებითი ადმინისტრაცია შევიდა.
ზემოთ აღნიშნული განსაკუთრებული შემთხვევიდან გამომდინარე, საქართველოს ეროვნულ ბანკმა გამოიყენა მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილება და მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება.
ამ ღონისძიებით საქართველოს ეროვნული ბანკი უზრუნველყოფს სს „სტანდარტ ბანკის“ ყველა მეანაბრის დეპოზიტების დაცულობას და ბანკის ყველა სხვა ვალდებულების შესრულებაზე კონტროლს, რაც მიზნად ისახავს ბანკის ნორმალური ფუნქციონირების აღდგენას.