საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადება
საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ–ერთი ამოცანაა ქვეყანაში ჯანსაღი ფინანსური გარემოს უზრუნველყოფა. ამ ამოცანის შესასრულებლად ეროვნული ბანკი კომერციული ბანკების ეფექტურ ზედამხედველობას ანხორციელებს. კანონმდებლობის თანახმად, საბანკო ზედამხედველობა კომერციული ბანკების დისტანციური და ადგილზე შემოწმების მეთოდით მიმდინარეობს. შემოწმებების ინტენსივობა განისაზღვრება როგორც ბანკის რისკის პროფილის, ასევე წარმოქმნილი განსაკუთრებული ვითარებების გათვალისწინებით.
ბოლო პერიოდში სს „ბანკი ქართუს“ - თან მიმართებაში რამდენიმე ასეთ მნიშვნელოვან ფაქტს ჰქონდა ადგილი, კერძოდ:
საკუთარი განცხადების საფუძველზე თანამდებობები დატოვეს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, გენერალურმა დირექტორმა და დირექტორის მოადგილეებმა.
გარდა ამისა, დეტალურ შესწავლას საჭიროებს 18 ოქტომბერს სს „ბანკ ქართუში“ მომხდარი ფაქტი, რომელთან დაკავშირებითაც საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მესამე ნაწილით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრება) აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.
შესაბამისად, ეროვნულმა ბანკმა, როგორც საბანკო სექტორის რეგულატორმა, და ქვეყანაში ფინანსური სტაბილურობის გარანტმა, მიიღო გადაწყვეტილება ადგილზე, დეტალური შესწავლის გზით შეაფასოს სს „ბანკ ქართუში“ შექმნილი ვითარება, პასუხი მიიღოს ყველა წარმოქმნილ შეკითხვაზე და მიღებული შედეგების საფუძველზე განსაზღვროს ბანკის სამომავლო ზედამხედველობის სტრატეგია.