საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშზე საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის ფარგლებში მორიგი ტრანში ჩაირიცხა
25 აპრილი, 2006
საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშზე ჩაირიცხა 20.4 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ტრანში, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ „სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური ზრდის“ (PRGF) პროგრამის მესამე შუალედური მიმოხილვის ფარგლებში გამოყო. ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა პროგრამის მიმდინარეობის განხილვის შემდეგ, რომლის საფუძველზეც საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის მიერ გატარებული პოლიტიკა დადებითად შეფასდა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელი საბჭოს სხდომაზე საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლების განხილვის დროს აღინიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების 2006 წლის ეკონომიკური პროგრამის მთავარი მიმართულება არის ეკონომიკური ზრდისა და სიღარიბის დაძლევის ღონისძიებათა გაგრძელება. აღნიშნული პროცესი ერთმნიშვნელოვნად გულისხმობს მაკროეკონომიკური სტაბილურობისა და ინფლაციის ერთნიშნა მაჩვენებლის შენარჩუნებას. საბჭოს წევრებმა ხაზი გაუსვეს საქართველოში სიღარიბის დაძლევის მიზნით მუშაობის გააქტიურების აუცილებლობას, ასევე კერძო ინვესტიციების განსახორციელებელი პირობების გაუმჯობესებას, მათ შორის, ინფრასტრუქტურის სრულყოფასა და სტაბილურ ენერგომომარაგებას.
საბჭოს წევრთა შეფასებით, საქართველოს ეკონომიკაში დადებითი ტენდენციების განვითარება გრძელდება, რასაც ხელს უწყობს ფისკალური პოლიტიკის დახვეწა და მონეტარული პოლიტიკის წარმართვა ინფლაციის კონტროლის კუთხით. საქართველოს ხელისუფლება თანმიმდევრულად ახორციელებს „სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური ზრდის“ პროგრამასა და სტრუქტურულ რეფორმებს. საგადასახადო რეფორმის ფონზე, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი კიდევ უფრო გაფართოვდა, რამაც ხელისუფლებას პრიორიტეტულ მიმართულებებზე ხარჯების ზრდის შესაძლებლობა მისცა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელი საბჭოს დასკვნით, საქართველოს ფინანსური სექტორი დღეისათვის უფრო მდგრადი გახდა. მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ბანკების მდგომარეობა, სექტორის მარეგულირებელი სტრუქტურა და საქართველოს ეროვნული ბანკის საზედამხედველო რეჟიმი.
აღმასრულებელი საბჭოს წევრებმა 2005 წელს საქართველოში „საბანკო ბუმის“ წელი უწოდეს. ასეთი შეფასება ფულად-საკრედიტო სფეროში მიღწეულმა შედეგებმა განაპირობა. ქვეყანაში გაიზარდა კერძო სექტორისათვის გაცემული სესხების მოცულობა, მოიმატა შემოსავლებმა ბანკების აქტივებსა და სააქციო კაპიტალთან მიმართებაში. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში სესხები უმეტესად უცხოური ვალუტით, ძირითადად კი, აშშ დოლარით გაიცემა, 2005 წელს სამჯერ მოიმატა ლარით გაცემული სესხების მოცულობამ, შემცირდა დეპოზიტების დოლარიზაცია.
სხდომაზე აღინიშნა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გატარებული დროული და სწორი პოლიტიკით თავიდან აცილებულ იქნა ერთ-ერთი მსხვილი კომერციული ბანკის („ინტელექტბანკის“) გაკოტრება. საბჭოს წევრების შეფასებით, საბანკო ზედამხედველობა საქართველოში გაუმჯობესდა და უფრო აქტიური, ეფექტიანი გახდა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ დაამტკიცა PRGF-ის ფარგლებში დაფინანსების პროგრამა 2004 წლის 4 ივნისს, 141.2 მლნ აშშ დოლარის ოდენობით. აღნიშნული სამწლიანი პროგრამით გათვალისწინებული პირველი ტრანში, დაახლოებით, 20 მლნ აშშ დოლარი საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2004 წლის 21 ივნისს მიიღო. მეორე ტრანში მის ანგარიშზე 2005 წლის 11 იანვარს, მესამე გასული წლის 5 აგვისტოს, ხოლო მეოთხე 2006 წლის 21 აპრილს ჩაირიცხა. „სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური ზრდის“ პროგრამის კრედიტების ვადა განისაზღვრება 10 წლით, 0,5-პროცენტიანი წლიური სარგებლის გადახდითა და 5,5-წლიანი შეღავათიანი პერიოდით.