საქართველოს ეროვნული ბანკის ადმინისტრაციული ხარჯები მნიშვნელოვნად შემცირდა
საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, მიმდინარე წლის თებერვალში დასრულდა სებ-ის ადმინისტრაციული ხარჯების რეფორმირების ერთ–ერთი ეტაპი. როგორც ეროვნული ბანკის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსმა, რუსუდან ზურაბაშვილმა განაცხადა გატარებული ღონისძიებები ითვალისწინებდა სატრანსპორტო და საკომუნიკაციო ხარჯების ეფექტიანობის ზრდას. გატარებული ღონისძიებების შედეგად შესაძლებელი გახდა საერთო ჯამში წელიწადში დაახლოებით 500 ათასი ლარის ეკონომია (მათ შორის სატრანსპორტო ხარჯების 200 ათასი ლარით, ხოლო საკომუნიკაციო ხარჯების 300 ათასი ლარით). დაგეგმილია, რომ სატრანსპორტო ხარჯების ეკონომიიდან მიღებული თანხების ნაწილი მოხმარდეს სებ-ის თანამშრომელთა ჯანმრთელობის დაზღვევას.
როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ამაღლობელმა განაცხადა, ეროვნული ბანკი კვლავაც მნიშვნელოვან ყურადღებას დაუთმობს საკუთარი საქმიანობის ეფეტიანობის ამაღლებას და ადმინისტრაციული ხარჯების კონტროლს. ეს თავის მხრივ ნიშნავს ხარჯების შემცირებას ისე, რომ ეროვნული ბანკის საქმიანობაზე არ მოახდინოს უარყოფითი გავლენა, ზოგ შემთხვევაში კი შესაძლებელი გახდება გაუმჯობესება ცალკეული ოპერაციების წარმოების. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა სხვა ანალოგიური ტიპის პროექტებზე, რომელთა დასრულების შედეგად შესაძლებელი იქნება ხარჯების მნიშვნელოვანი ოდენობის ეკონომია. მიღებული შედეგების შესახებ ასევე გახდება ცნობილი საზოგადოებისათვის.