საქართველოს ეროვნული ბანკისა და საქართველოს მთავრობის ანტიინფლაციური პოლიტიკა ინფლაციას სასურველ ფარგლებში მოაქცევს

საქართველოს ეროვნული ბანკისა და საქართველოს მთავრობის ანტიინფლაციური პოლიტიკა ინფლაციას სასურველ ფარგლებში მოაქცევს

29 ნოემბერი, 2007

29 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ამაღლობელმა და ფინანსთა მინისტრმა ნიკა გილაურმა 2008 წელს საქართველოს ხელისუფლების ანტიინფლაციური პოლიტიკის შესახებ ეროვნული ბანკის შენობაში პრესკონფერენცია გამართეს.   

„ბოლო პერიოდში საქართველოში ინფლაციურმა პროცესებმა სტაბილური ხასიათი მიიღო და წლიური ინფლაცია 10 პროცენტს აღემატება.

მნიშვნელოვანწილად, ამის მიზეზია გარე ფაქტორების – საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობსა და ძირითად სასურსათო სასაქონლო პროდუქციაზე ფასების რეკორდული ზრდის უშუალო და არაპირდაპირი გავლენა, თუმცა აღნიშნული ამწვავებს მოსახლეობაში ინფლაციურ მოლოდინს. ინფლაციის მოლოდინის ზრდა კი, თავისთავად, არასასურველია, რადგან ინფლაციის მოლოდინი შეიძლება თვითონ გახდეს მომავალში ინფლაციის გამომწვევი მიზეზი,“ – განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ამაღლობელმა.

მისი თქმით, „საქართველოს ეროვნული ბანკი და მთავრობა თვლიან, რომ საჭიროა ამოქმედდეს ყველა არსებული რესურსი და ინსტრუმენტი ქმედითი ანტიინფლაციური პოლიტიკის განსახორციელებლად, რათა მოკლე ხანში მოხერხდეს ინფლაციის სასურველ ფარგლებში მოქცევა.“  

დავით ამაღლობელმა აღნიშნა, რომ „ზემოთხსენებული ინსტრუმენტების გამოყენებით და მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის შეთანხმებული განხორციელებით, შესაძლებელი იქნება ინფლაციური წნეხის მოკლე ხანში შერბილება, ისე რომ, 2008 წლის განმავლობაში ფასების ზრდის წლიური დონე 8 პროცენტის ფარგლებში მოექცეს. დისციპლინირებული და კოორდინირებული ფისკალური პოლიტიკის პირობებში ეროვნული ბანკი გაატარებს მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას. მონეტარული პოლიტიკის განხორცილებას, ისევე როგორც განვითარებული ქვეყნების ცენტრალურ ბანკებში, საფუძვლად დაედება საპროცენტო განაკვეთებით ოპერირება. აღსანიშნავია, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში სამჯერ გაიზარდა ეროვნული ბანკის საპროცენტო განაკვეთი.“   მისივე განმარტებით, დაბალი ინფლაცია გულისხმობს ფასების უცვლელობას უმეტეს პროდუქტებზე და თუმცა, ზოგიერთ პროდუქტზე ფასი შეიძლება გაიზარდოს, ხოლო ზოგზე შეიძლება შემცირდეს კიდეც.

„ზოგადად, ინფლაციის ბუნებიდან და საქართველოს ეკონომიკის სტრუქტურიდან გამომდინარე, პრაქტიკაში ინფლაციის მაჩვენებელი თვიდან თვემდე ძალიან მერყევია. შესაბამისად, ინფლაციის მერყეობამ და ცალკეულ პროდუქტზე ფასების ზრდამ არ უნდა შეიყვანოს მოსახლეობა შეცდომაში, რათა არ მოელოდნენ უფრო მაღალ ინფლაციას, ვიდრე ამას ეკონომიკური ვითარება განაპირობებს. დღეისათვის საქართველოში, შიდა და გარე ფაქტორების გათვალისწინებით, არ არსებობს მცირედი ეკონომიკური საფუძველიც კი, რომ ინფლაციის მაჩვენებელი არსებულზე მეტად გაიზარდოს,“ – დასძინა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა.  

ფინანსთა მინისტრის ნიკა გილაურის შეფასებით, საქართველოს აქვს საკმარისი ფისკალური და მონეტარული რესურსი, რათა ინფლაცია ზომიერ საზღვრებში მოექცეს. ამისათვის კი, ფინანსთა მინისტრის განმარტებით, „ეროვნული ბანკი და მთავრობა კოორდინირებულად მუშაობს და სასურველ შედეგებსაც მალე ვიხილავთ.“  

პრესკონფერენციის ბოლოს, დავით ამაღლობელმა აღნიშნა, რომ „მთავრობა და ეროვნულ ბანკი მზადყოფნაში არიან, რათა გამოყენებულ იქნეს ყველა ხელთ არსებული საშუალება ინფლაციის სასურველ ფარგლებში მოსაქცევად. შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებით, შესაძლებელი გახდება მომავალში ფასების ზრდის იმდენად უმნიშვნელო იყოს, რომ მოსახლეობას, ერთხელ და სამუდამოდ, დაავიწყდეს ინფლაციის არსებობა.“  

სხვა სიახლეები