საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა
09 იანვარი, 2006
2006 წლისათვის საქართველო, ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით, რომელიც 2.98-ს შეადგენს, პირველად მოხვდა ე.წ. „ძირითადად თავისუფალ“ ქვეყანათა კატეგორიაში და მე-100-დან 68-ე ადგილზე გადაინაცვლა. იგივე პარამეტრი 2004 წელს 3.19 შეადგენდა, 2005 წელს 3.32-ს და ამ მაჩვენებლით 161 ქვეყანას შორის საქართველო მე-100-ე ადგილზე იყო მსოფლიოში.
ქვეყნის ასეთი მიღწევა, ძირითადად, ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გაუმჯობესების, საბანკო სისტემის განვითარებისა და ინვესტიციების ზრდის წყალობით მოხდა. ამ სამი პარამეტრის ხარჯზე საქართველოს თითო-თითო ბალი მოემატა.
საქართველოსთვის 2005 წლისათვის მინიჭებული ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი ყველაზე საუკეთესოა მას შემდეგ, რაც იგი „Heritage Foundation“-ისა (მემკვიდრეობის ფონდი) და გაზეთის The Wall Street Journal-ის მიერ პირველად იქნა გამოთვლილი ჩვენი ქვეყნისთვის 1996 წელს (იხ. დიაგრამა). მაშინ ეს მაჩვენებელი 4.0-ს შეადგენდა (მაქსიმალური 5 ბალი უკიდურესად უარყოფითი შეფასებაა, ხოლო ერთი მაქსიმალურად საუკეთესო). ეს ორი ორგანიზაცია ყოველწლიურად აქვეყნებს ამგვარი ერთობლივი კვლევის შედეგებს.
მათი ბოლო შედეგებით, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საქართველო პირველად იქნა კლასიფიცირებული, როგორც „ძირითადად თავისუფალი“ (Mostly Free) ქვეყანა. ქვეყნის ამგვარი წარმატება, ძირითადად, „ვარდების რევოლუციის“ შემდგომ პერიოდში ფულად-საკრედიტო პოლიტიკის, უცხოური ინვესტიციებისა და საბანკო-საფინანსო სექტორებში მიღწეული წარმატებებით არის განპირობებული. ასევე, წინა წელთან შედარებით, შედარებითი გაუმჯობესებაა ფისკალურ სფეროში.
აღსანიშნავია, რომ ამ გამოკვლევის თანახმად მოლდოვა 83-ე ადგილზეა, თურქეთი 85-ე, რუმინეთი 92-ე, უკრაინა 99-ე, ყაზახეთი 113-ე, რუსეთი 122-ე, აზერბაიჯანი 123-ე, თურქმენეთი 148-ე, ბელარუსი 151-ე, სომხეთი 27-ეზე.
ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი ბოლო 12 წლის განმავლობაში „მემკვიდრეობის ფონდის“ მიერ ყოველწლიურად ქვეყნდება. იგი წარმოადგენს სხვადასხვა ეკონომიკური კრიტერიუმის შეფასების შედეგს 5 ბალიანი შკალით. გამოიყენება ათ ეკონომიკურ ფაქტორად დანაწილებული 50 დამოუკიდებელი ეკონომიკური ცვლადი. ემპირიულად დამტკიცებულია, რომ ქვეყნები, რომლებსაც უკეთესი ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი გააჩნიათ, გამოირჩევიან გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის უფრო მაღალი ტემპებითა და ეკონომიკური კეთილდღეობით.
2006 წელს საქართველოსათვის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი გაუმჯობესდა ერთი პუნქტით ფულად-საკრედიტო პოლიტიკის, ასევე ერთი ბალით საბანკო-საფინანსო სექტორის და ამდენივე უცხოური ინვესტიციების შედეგად. 0.1 ბალით გაუმჯობესდა შეფასება ფისკალური კუთხით. რაც შეეხება დანარჩენ 6 ფაქტორს, კერძოდ, მთავრობის ინტერვენციას, ხელფასებისა და ფასების კონტროლს, საკუთრების უფლებებს, რეგულირებსა და არაფორმალურ ბაზარს ამ კრიტერიუმების შეფასებები 2005 წელთან შედარებით უცვლელი რჩება.
ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის გამოსათვლელად შეფასდა შემდეგი ფაქტორები:
1. სავაჭრო პოლიტიკა (3.5 – პროტექციონიზმის მაღალი დონე, რაც არადამაკმაყოფილებელ შეფასებას ნიშნავს) მსოფლიო ბანკის მონაცემებით, საქართველოს საშუალო შეწონილი სატარიფო განაკვეთი 8.7%-ის ტოლია, რაც 1.2%-ით ნაკლებია გასული წლის მაჩვენებელზე. მათივე შეფასებით, კვლავ მაღალია კორუფციის დონე საბაჟო სექტორში.
2. მთავრობის ფინანსური წნეხი: 2.3საქართველო გადავიდა საშემოსავლო გადასახადის ფიქსირებულ განაკვეთზე (12%), მოგების გადასახადი კვლავ 20%-ს შეადგენს.
3. მთავრობის ჩარევა ეკონომიკაში (1.5 – დაბალი დონე) მსოფლიო ბანკის მონაცემებით 2003 წელს მთავრობის მოხმარება მშპ-ს 8.9% შეადგენს. ამასთან, საქართველოს მთლიანი შემოსავლის 0.47%-ს წარმოადგენდა სახელმწიფო მფლობელობაში არსებული საწარმოებიდან შემოსულობები.
4. მონეტარული პოლიტიკა (2 – ინფლაციის დაბალი დონე) 2004 წლის 3 ბალიდან ეს პარამეტრი მთელი ერთი ბალით (2-მდე) გაუმჯობესდა.
5. კაპიტალის ნაკადები და უცხოური ინვესტიციები (3 – ზომიერი ბარიერები) ბოლო წლების განმავლობაში სახეზეა ლიბერალიზაციის დონის ზრდა.
6. ბანკები და ფინანსები (2 – შეზღუდვების დაბალი დონე. წინა წლის სამი ბალიდან პარამეტრი ერთით გაუმჯობესდა და ორი გახდა). საბანკო და საფინანსო სექტორის შეფასებისას გამოიყენება შემდეგი კრიტერიუმები: საფინანსო დაწესებულებების სახელმწიფო მფლობელობა; უცხოური ბანკების შეზღუდვა ფილიალებისა და შვილობილი კომპანიების გახსნის თვალსაზრისით; სახელმწიფოს გავლენა კრედიტების მიზნობრივ გაცემაზე; სახელმწიფო ნორმატიული აქტები, რომლებიც ხელს უშლის ფინანსურ აქტივობას; ყველა ტიპის ფინანსური მომსახურების, ფასიანი ქაღალდებისა და დაზღვევის მიწოდების თავისუფლება. ამ კრიტერიუმების შესაბამისად საქართველოს საბანკო და საფინანსო სექტორში წინა წელთან შედარებით მნიშველოვანი გაუმჯოებესება დაფიქსირდა.
7. ფასები და ხელფასები (3 – ჩარევის ზომიერი დონე) ფასები ძირითად ლიბერალიზირებულია, თუმცა არსებობს სახელმწიფო რეგულირებადი ფასებიც ისეთ საქონელსა და მომსახურებაზე, როგორებიცაა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, კომუნიკაციები, ელექტრომომარაგება, გაზი, წყალი და კომუნალური მომსახურება. აგრეთვე სახეზეა ჯანდაცვისა და სასოფლო-სამეურნეო სექტორის სუბსიდირება. არსებობს მინიმალური სახელფასო განაკვეთი სახელმწიფო მოხელეთათვის, მაგრამ არა კერძო სექტორისთვის.
8. საკუთრების უფლებები (4 – დაცვის დაბალი დონე) გამოკვლევის მიხედვით, მთავრობის მცდელობების მიუხედავად კვლავაც პრობლემას წარმოადგენს კორუფცია სასამართლო სფეროში.
9. რეგულირება (4 – მაღალი დონე) ახალი ბიზნესის წამოწყება კვლავ სირთულეს წარმოადგენს. აშშ-ს ვაჭრობის დეპარტამენტის მონაცემებით „ინვესტორები უამრავ მცირე დაბრკოლებებს აწყდებიან“.
10. არაფორმალური ბაზარი (4.5 – აქტივობის ძალზე მაღალი დონე) ცხრილი 1 – საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის შემადგენელი ფაქტორების დინამიკა 1996-2006 წლებში