საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა

საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა

16 იანვარი, 2007
2007 წლისათვის საქართველომ ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით 35-ე ადგილი დაიკავა. შარშან საქართველო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით მხოლოდ 68-ე ადგილზე იყო. ქვეყნის ასეთი მიღწევა, ძირითადად, ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გაუმჯობესების, ინვესტიციების ზრდის, შრომითი ბაზრის ლიბერალიზებისა და კორუფციის შემცირების ხარჯზე მოხდა.   საქართველოსთვის 2007 წლისათვის მინიჭებული ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი ყველაზე საუკეთესოა მას შემდეგ, რაც იგი „Heritage Foundation“-ისა (მემკვიდრეობის ფონდი) და გაზეთის The Wall Street Journal-ის მიერ პირველად იქნა გამოთვლილი ჩვენი ქვეყნისთვის 1996 წელს. ეს ორი ორგანიზაცია ყოველწლიურად აქვეყნებს ამგვარი ერთობლივი კვლევის შედეგებს.   აღსანიშნავია, რომ ამ გამოკვლევის თანახმად მოლდოვა 81-ე, ყაზახეთი 75-ე, თურქეთი 83-ე, რუსეთი 120-ე, უკრაინა 125-ე, აზერბაიჯანი 107-ე, ბელარუსი 145-ე, თურქმენეთი 152-ე, სომხეთი 32-ე ადგილზეა. ბოლო პოზიციებს კუბა და ჩრდილოეთ კორეა ინაწილებენ.   ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი უკანასკნელი 13 წლის განმავლობაში „მემკვიდრეობის ფონდის“ მიერ ყოველწლიურად ქვეყნდება. იგი წარმოადგენს სხვადასხვა ეკონომიკური კრიტერიუმის შეფასების შედეგს. ემპირიულად დამტკიცებულია, რომ ქვეყნები, რომლებსაც უკეთესი ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი გააჩნიათ, გამოირჩევიან გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის უფრო მაღალი ტემპებითა და ეკონომიკური კეთილდღეობით.
სხვა სიახლეები