საქართველოს დელეგაცია საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მმართველთა საბჭოს ყოველწლიურ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს დელეგაცია საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მმართველთა საბჭოს ყოველწლიურ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას

22 სექტემბერი, 2005
საქართველოს დელეგაცია, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის რომან გოცირიძისა და ფინანსთა მინისტრის ალექსი ალექსიშვილის ხელმძღვანელობით, ვაშინგტონში გაემგზავრება, სადაც 24-25 სექტემბერს საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მმართველთა საბჭოს ყოველწლიური შეხვედრა გაიმართება.   შეხვედრაზე განიხილება მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის პროგრამების მიმდინარეობისა და განხორციელების საკითხები. გარდა ამისა, აღნიშნულ ფორუმზე გამოიკვეთება ის ძირითადი პრიორიტეტები, რომლებითაც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან სახელმწიფოთა მთავრობებისადმი მხარდაჭერა უნდა გაძლიერდეს.   ეროვნული ბანკის პრეზიდენტის რომან გოცირიძის განცხადებით, „საქართველოს დელეგაცია ვაშინგტონში წელგამართული მიდის. საქართველოს მთავრობა და ეროვნული ბანკი შეთანხმებულად მოქმედებენ ერთიანი მაკროეკონომიკური პროგრამის ფარგლებში, რომლის ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა, ფასებისა და ეროვნული ვალუტის გაცვლითი  კურსის სტაბილურობის  მიღწევა წარმოადგენს“.   საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური ზრდის“ პროგრამის პარამეტრების შესრულება საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის მიერ პროგრამის მიმდინარეობის განხილვის შემდეგ მორიგი ტრანშის გამოყოფის საკითხის დამტკიცების საფუძველი გახდება. დღევანდელი მდგომარეობით, მთავრობა და ეროვნული ბანკი საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმებულ ყველა პარამეტრს ასრულებს.   საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მმართველთა საბჭოს ყოველწლიური შეხვედრები 1946 წლიდან იღებს სათავეს. აღნიშნული თავყრილობების ფორმატი ითვალისწინებს შეხვედრის გამართვას ზედიზედ ორ წელს ვაშინგტონში (შტაბბინაში), ხოლო მესამე წელს – სხვა ქვეყანაში. მაგალითად, მომავალ წელს საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მმართველთა საბჭოს მორიგი შეხვედრა სინგაპურში შედგება.   ამ ფორუმებში მონაწილეობენ მსოფლიოს წამყვანი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი სახელმწიფოების ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელი პირები და ფინანსთა მინისტრები.     საერთაშორისო სავალუტო ფონდის „სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური ზრდის“ პროგრამა, დაახლოებით, 141,6 მლნ აშშ დოლარის მოცულობით, გასული წლის 4 ივნისს დამტკიცდა. აღნიშნული სამწლიანი პროგრამის ფარგლებში პირველი ტრანში, დაახლოებით 20 მლნ აშშ დოლარის ოდენობით, ეროვნულმა ბანკმა 2004 წლის 21 ივნისს მიიღო. მეორე ტრანში საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშზე 2005 წლის 11 იანვარს, ხოლო მესამე 5 აგვისტოს ჩაირიცხა. „სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური ზრდის“ პროგრამის კრედიტების ვადა განისაზღვრება 10 წლით 0,5% წლიური სარგებლის გადახდითა და 5,5-წლიანი შეღავათიანი პერიოდით. საერთაშორისო სავალუტო ფონდის კრედიტები ხმარდება საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო სავალუტო რეზერვების შევსებას, რომელმაც, 2005 წლის 21 სექტემბრის მდგომარეობით, 436,3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2004 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 74,8 მლნ აშშ დოლარით აღემატება.
სხვა სიახლეები