საქართველოსა და გერმანიის ეროვნული ბანკების პრეზიდენტებმა თანამშრომლობის საკითხები განიხილეს

საქართველოსა და გერმანიის ეროვნული ბანკების პრეზიდენტებმა თანამშრომლობის საკითხები განიხილეს

07 აგვისტო, 2007
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რომან გოცირიძე, რომელიც გერმანიაში ამ ქვეყნის ბუნდესბანკის პრეზიდენტის პროფესორ აქსელ ვებერის მიწვევით იმყოფება,  თავის გერმანელ კოლეგას შეხვდა. შეხვედრაზე განხილული იყო ორი ქვეყნის ეროვნულ ბანკებს შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების საკითხები. მათ შორის, გერმანიის ბუნდესბანკის ცენტრალურ ბანკებთან ტექნიკური თანამშრომლობის ცენტრში საქართველოს ეროვნული ბანკის სპეციალისტების მომზადება.   იმავე დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რომან გოცირიძე შეხვდა გერმანიის ბუნდესბანკის აღმასრულებელი საბჭოს წევრს, პროფესორ ჰანს–ჰელმუტ კოტსს და ბუნდესბანკის  ცენტრალურ ბანკებთან ტექნიკური თანამშრომლობის ცენტრის დირექტორს იურგენ შტერლეფერს. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ასევე გამართავს შეხვედრებს ფრანკფურტისა და დიუსელდორფის საფონდო ბირჟებსა და ბუნდესბანკის  დიუსელდორფის რეგიონულ ფილიალში.   ბოლო ორი წლის მანძილზე გერმანიის ბუნდესბანკში უფასოდ აიმაღლა კვალიფიკაცია საქართველოს ეროვნული ბანკის 24 თანამშრომელმა, წლის ბოლომდე გერმანიის ბუნდესბანკში გაეგმზავრება საქართველოს ეროვნული ბანკის კიდევ 6 სპეციალისტი. გერმანიის ბუნდესბანკის საქართველოს ეროვნული ბანკთან თანამშრომლობის ასეთი ტრადიცია მომავალშიც გაგრძელდება, რომლის ფარგლებშიც ქართველი სპეციალისტები გერმანიაში კვალიფიკაციას უფასოდ აიმაღლებენ. ორი ქვეყნის ცენტრალური ბანკების თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში, გერმანიის ბუნდესბანკის ცენტრალურ ბანკებთან ტექნიკური თანამშრომლობის ცენტრის მხარდაჭერით, თბილისს ეწვევიან გერმანელი ექსპერტები, რომლებიც საქართველოს ეროვნულ ბანკს საერთაშორისო რეზერვების მართვის საკითხებში კონსულტაციას გაუწევენ.  
სხვა სიახლეები