საქართელოს ეროვნული ბანკი სტატისტიკოსთა რეგიონულ კონფერენციას მასპინძლობს

საქართელოს ეროვნული ბანკი სტატისტიკოსთა რეგიონულ კონფერენციას მასპინძლობს

11 ივნისი, 2012

საქართველოს ეროვნული ბანკი ერთ-ერთია იმ 60 ქვეყნიდან, რომელიც ერთდროულად მონაწილეობს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემთა გავრცელების ყველა ინიციატივაში, რაც უზრუნველყოფს სტატისტიკური ინფორმაციის მომხმარებლისათვის ყოვლისმომცველ, საიმედო და დროული ინფორმაციის მიწოდებას

11-12 ივნისს, საქართველოს ეროვნული ბანკი ცენტრალური ბანკების სტატისტიკის საკითხებზე ექსპერტთა მე-2 რეგიონულ კონფერენციას მასპინძლობს. ქართველ ექსპერტებთან ერთად კონფერენციაში მონაწილეობენ ლიტველი, სომეხი, უკრაინელი და ყაზახი სპეციალისტები.

სასტუმრო „ქორთიარდ-მარიოტში“ შეკრებილი რეგიონის ქვეყნების სტატისტიკოსების მსჯელობის მთავარი თემა საგარეო  სექტორის სტატისტიკასთან დაკავშირებული საკითხებია. საგარეო სექტორის სტატისტიკაში უახლესი პერიოდის ამოცანები კონცენტრირებულია სსფ-ის საგადასახდელო ბალანსის სახელმძღვანელოს მეექვსე რედაქციის ფორმატის შემოღებაზე. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი გეგმავს 2013 წლიდან დაიწყოს  საგადასახდელო ბალანსის და საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციის პარალელური წარმოება, ხოლო 2014 წლიდან კი მთლიანად გადავიდეს ახალ ფორმატზე. აღნიშნული საკითხიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განსახილველი თემაა კონფერენციის მიმდინარეობისას. 

2011 წელს საქართველოს სტატიკური სისტემის შეფასება მოხდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის სტანდარტებისა და კოდების დაცვის შეფასების (ROSC) მისიის მიერ. ბოლო ასეთი მისია საქართველოში 2002 წელს იყო. მას შემდეგ საქართველოში სტატისტიკის წარმოება მნიშვნელოვნად განვითარდა. საქართველოს წარმატება სტატისტიკის სფეროში ბუნებრივად აისახა ROSC–ის მისიის ანგარიშში. გაუმჯობესება იყო ყველა მიმართულებით, მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია საგარეო სექტორის სტატისტიკა.

დღეისათვის სტატისტიკის განვითარების პრიორიტეტული მიმართულება მონეტარული და ფინანსური მაჩვენებელების მიღების, დამუშავებისა და გავრცელების ავტომატიზებული საინფორმაციო სისტემის შექმნაა. ეროვნული ბანკი გეგმავს 2013 წლის პირველი კვარტალიდან დაიწყოს მონეტარული მიმოხილვების გაანგარიშება ავტომატიზირებული სისტემის (სებსტატის) მეშვეობით. კონფერენციაზე მონაწილე მხარეების მსჯელობის ერთ-ერთი საკითხი იქნება სწორედ მონაცემთა მოპოვების, დამუშავებისა და გავრცელების ტექნოლოგიების პრობლემები, რომლებიც ერთნაირად აქტუალურია ყველა ქვეყნისათვის.


სტატისტიკის მიმართულება ცენტრალური ბანკების საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. სტატისტიკისადმი მოთხოვნები მთელ მსოფლიოში კიდევ უფრო გაიზარდა ეკონომიკური კრიზისის ფონზე. ეროვნულ ბანკში სტატისტიკური საქმიანობის ხარისხის ამაღლების თვალსაზრისით ბოლო წლები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი იყო. საქართველოს ეროვნული ბანკი იმ 60 ქვეყნიდან ერთ-ერთია, რომელიც უკვე მონაწილეობს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემთა გავრცელების ყველა ინიციატივაში. მათ შორის 2011-2012 წლების განმავლობაში შეუერთდა საერთაშორისო რეზერვებისა და ფინანსური სტაბილურობის ინდიკატორების ინიციატივებს. აღნიშნული კი უზრუნველყოფს სტატისტიკური ინფორმაციის მომხმარებლისათვის ყოვლისმომცველ, საიმედო და დროული ინფორმაციის მიწოდებას.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემები ხელმისაწვდომია, როგორც ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე (
www.nbg.gov.ge) ასევე სავალუტო ფონდის სტატისტიკურ წყაროებში, სადაც მომხმარებელს სხვა ქვეყნებთან ერთად საქართველოს ფინანსური და საგარეო სექტორების ამსახველი სრულყოფილი ინფორმაციის მიღება შეუძლია.

(იხ. http://dsbb.imf.org/Pages/SDDS/CountryList.aspx ,
http://elibrary data.imf.org/Report.aspx?Report=4160276&Country=915,
http://elibrary-data.imf.org/FindDataReports.aspx?d=33061&e=169393, http://www.imf.org/external/np/sta/ir/IRProcessWeb/data/geo/eng/curgeo.htm ,
http://fas.imf.org/ და ა.შ.).

 

სხვა სიახლეები