საფინანსო სისტემის შეფასების პროგრამის მისიის შეფასებით, საქართველოს საფინანსო სისტემის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა
28 თებერვალი, 2006
საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობასთან საფინანსო სისტემის შეფასების პროგრამის მისიის დასკვნითი შეხვედრის დროს, მისიის ხელმძღვანელმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონეტარული და საფინანსო სისტემის დეპარტამენტის მრჩეველმა სტივენ სილიგმა აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში საქართველოს საფინანსო სისტემაში მნიშვნელოვანი გაუმჯობესება შეინიშნება.
მისიის შემადგენლობაში საერთაშორისო სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკისა და განვითარებული ქვეყნების (დანია, შვეიცარია, შვედეთი) ცენტრალური ბანკების წარმომადგენლები შედიან. მისიამ ბოლო ორი კვირის განმავლობაში შეისწავლა და განიხილა 2001 წლის შემდეგ საქართველოს საფინანსო სფეროში მომხდარი ცვლილებები და პერსპექტივები. მისიამ მუშაობის შედეგად წარმოადგინა საქართველოს ფინანსური სისტემის შეფასებითი ანალიზი.
დოკუმენტის მიხედვით, ფინანსური სისტემების შეაფსების პროგრამის 2001 წელს ჩატარებულ პირველ რაუდთან შედარებით, საქართველოს ფინანსური სექტორი დღეისათის უფრო მდგრადი გახდა. მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ბანკების მდგომარეობა, სექტორის მარეგულირებელი სტრუქტურა და საქართველოს ეროვნული ბანკის სამეთვალყურეო რეჟიმი. პოზიტიური ძვრები დაფიქსირდა სადაზღვევო ბაზრის სამეთვალყურეო რეჟიმის თვალსაზრისითაც. გაიზარდა დაზღვევისა და ფასიანი ქაღალდების სეგმენტები, თუმცა საქართველოს საფინანსო სექტორში დომინანტურ პოზიციას კვლავ საბანკო სექტორი ინარჩუნებს.
მისიის შეფასებით, ის ფაქტი, რომ კომერციული ბანკები სადაზღვევო და საბროკერო კომპანიების შეძენას ახორციელებენ, საბანკო სისტემის უნივერსალურობისაკენ სწრაფვაზე მეტყველებს. აღნიშნულმა ტენდენციამ, მისიის ვარაუდით, შესაძლოა, საბანკო ზედამხედველობის სფეროსი პოტენციური სირთულეები წარმოქმნას. ამის მიზეზად დოკუმენტში სახელდება ის ფაქტი, რომ სადაზღვევო კომპანიების ძირითად აქტივებს კომერციულ ბანკებში განთავსებული დეპოზიტები წარმოადგენს. ამდენად, სახეზეა აქტივების ამ კომპანიების მფლობელ ბანკებში განთავსება. შესაბამისად, ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, ნებისმიერი დიდი ბანკის ფინანსური არამდგრადობა ასოცირებულ დარგებს შორის არსებულ კავშირებზე დარტყმით რეაქციებს გამოიწვევს.
დოკუმენტის თანახმად, ბაზელის ძირითადი პრინციპებით საბანკო ზედამხედველობის შემოწმებისას, მისიამ რამდენიმე სფეროზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც, დოკუმენტის მიხედვით, დარეგულირებას საჭიროებს. კერძოდ, ბანკების ნამდვილი მეპატრონეების (მფლობელების) გამოვლენა-იდენტიფიცირება; ბანკების, მათი დაქვემდებარებული ორგანიზაციებისა და შვილობილი კომპანიების კონსოლიდირებული ზედამხედველობის წარმოება; საფინანსო სექტორის ზედამხედველებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით კონფიდენციალურობის ბარიერების მოხსნა და საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომელთა საქმიანობის ეფექტურობისათვის აუცილებელ ღონისძიებათა გატარება.
მისიის რეკომენდაციების თანახმად, აუცილებელია კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისობის კრიტერიუმების მოთხოვნების (ვინ შეიძლება იყოს და რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდნენ აქციონერები) გავრცელება სადაზღვევო კომპანიებისა და ფასიანი ქაღალდების ფირმების მფლობელებსა და მენეჯერებზე, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მესაკუთრეებზე, ასევე აუცილებელია, სადაზღვევო კომპანიებს მიეცეთ აქტივების დივერსიფიკაციის შესაძლებლობა, მათ შორის, უცხოურ ფასიან ქაღალდებში მეტი მოცულობის ინვესტიციების განხორციელება.