საკონკურსო კომისია ახალი 50-თეთრიანი მონეტის ესკიზს შეარჩევს
07 ივნისი, 2005
ახალი 50 თეთრის ღირებულების მონეტის დიზაინის შესაქმნელად საქართველოს ეროვნული ბანკის კონკურსისათვის ეროვნულ ბანკში 3 განაცხადი შემოვიდა.მიმოქცევისათვის განკუთვნილი მონეტის რევერსზე, კონკურსის პირობის მიხედვით, პირველად გამოისახება ქართული სახელმწიფო სიმბოლიკა – გერბი. ესკიზების განსახილველად და გამარჯვებულის გამოსავლენად მიმდინარე წლის 8 ივნისისთვის დაიგეგმა ეროვნულ ბანკში სპეციალური კომისიის სხდომა, რომელზეც წარმოდგენილი ნიმუშებიდან საუკეთესო შეირჩევა.საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის ეკა გალდავას ინფორმაციით, უახლოეს მომავალში შემუშავდება და დამტკიცდება მონეტის პარამეტრები (ზომა, წონა, შემადგენლობა), შესაბამისი ზარაფხანის შესარჩევად კი კონკურსი გამოცხადდება.ახალი 50-თეთრიანი მონეტის მიმოქცევაში გასვლა შემოდგომაზეა ნავარაუდევი.ახალი 50 თეთრის ღირსების მონეტის დიზაინის შესაქმნელად ეროვნულ ბანკში კონკურსი მიმდინარე წლის 6 მაისს გამოცხადდა, საკონკურსო მასალების წარდგენის ბოლო ვადა 5 ივნისს ამოიწურა.