საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია
საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციის სტატისტიკა ჰარმონიზებულია საგადასახდელო ბალანსის სტატისტიკასთან და მოიცავს ფულად–საკრედიტო, სამთავრობო, საბანკო და სხვა სექტორებს. საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციის სტატისტიკის გამოქვეყნება დაიწყო 2007 წლიდან წლიური პერიოდულობით, ხოლო მონაცემთა მწკრივი მოიცავს ინფორმაციას 2005 წლის 31 დეკემბრიდან. 2009 წლიდან საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციის სტატისტიკა ქვეყნდება კვარტალური პერიოდულობით.
საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია უარყოფითია და 2010 წლის პირველი კვარტალის ბოლოს – 11.3 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 7.7 პროცენტით აღემატება, ხოლო გასული წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით 0.6 პროცენტით მეტია. მთლიანი აქტივები 3.2 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა, აქედან 68.6 პროცენტი სარეზერვო აქტივების წილად მოდიოდა. სარეზერვო აქტივები, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 47.3 პროცენტით გაიზარდა და 31 მარტისთვის 2.2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მნიშვნელოვნად მოიმატა ნასესხობის სპეციალური უფლებების (ნსუ) ანგარიშმა.
რაც შეეხება ვალდებულებებს, საანგარიშო პერიოდისთვის, მთლიანმა ვალდებულებებმა 14.5 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. პირდაპირი ინვეს-ტორებისადმი ვალდებულებები, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 9.9 პროცენტით გაიზარდა, და 7.6 მილიარდ აშშ დოლარს გაუტოლდა. პორტფელის ინვესტიციის ვალდებულებებმა 898.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 500 მლნ აშშ დოლარი სამთავრობო ევრობონდებია.
წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საანგარიშო კვარტალის ბოლოსათვის, ეროვნული ბანკის სასესხო ვალდებულებები 5.7 პროცენტით გაიზარდა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის კრედიტების ხარჯზე, და 660.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. სამთავრობო სექტორის სასესხო ვალდებულებები 40.9 პროცენტით გაიზარდა გრძელვადიანი ვალდებულებების და სავალუტო ფონდის კრედიტების ხარჯზე. საპირისპიროდ, საბანკო სექტორის სასესხო ვალდებულებები 22.2 პროცენტით არის მოკლებული. აქედან, გრძელვადიანი ვალი 14.1 პროცენტით, ხოლო მოკლევადიანი ვალი 72.7 პროცენტით შემცირდა. გასული წლის ანალოგიური პერიოდის მიმართ, ვალდებულებები ნაღდი ფულის და დეპოზიტების სახით 34.9 პროცენტით გაიზარდა.
2009 წლის აგვისტო–სექტემბერში მსოფლიო სავალუტო ფონდმა განახორციელა ნასესხობის სპეციალური უფლებების ახალი განაწილება. ამის შედეგად, საქართველომ მიიღო 144 მლნ ნსუ (225 მლნ აშშ დოლარის ექვივალენტი). რომლის ასახვაც, ერთის მხრივ, როგორ უკვე აღინიშნა, მოხდა სარეზერვო აქტივებში, ხოლო მეორეს მხრივ სხვა ინვესტიციების სხვა გრძელვადიან ვალდებულებებში. აქედან გამომდინარე, 2010 წლის პირველი კვარტალის ბოლოსათვის, ეროვნული ბანკის სხვა ვალდებულებებმა 218.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.