საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია

საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია

01 ოქტომბერი, 2010

საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციის სტატისტიკა ჰარმონიზებულია საგადასახდელო ბალანსის სტატისტიკასთან და მოიცავს ფულად–საკრედიტო, სამთავრობო, საბანკო და სხვა სექტორებს. საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციის სტატისტიკის გამოქვეყნება დაიწყო 2007 წლიდან წლიური პერიოდულობით, ხოლო მონაცემთა მწკრივი მოიცავს ინფორმაციას 2005 წლის 31 დეკემბრიდან. 2009 წლიდან საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციის სტატისტიკა ქვეყნდება კვარტალური პერიოდულობით.

საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია უარყოფითია და 2010 წლის მეორე კვარტალის ბოლოს –11.4 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 5.5 პროცენტით აღემატება, ხოლო ამა წლის პირველ კვარტალთან შედარებით 1.7 პროცენტით მეტია. მთლიანი აქტივები 3.0 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა, აქედან 61.7 პროცენტი სარეზერვო აქტივების წილად მოდიოდა. სარეზერვო აქტივები, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 22.9 პროცენტით გაიზარდა და 30 ივნისისათვის 1.9 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მნიშვნელოვნად მოიმატა ნასესხობის სპეციალური უფლებების (ნსუ) ანგარიშმა. 

რაც შეეხება ვალდებულებებს, საანგარიშო პერიოდისთვის, მთლიანმა ვალდებულებებმა 14.4 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. პირდაპირი ინვესტორებისადმი ვალდებულებები, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.4 პროცენტით გაიზარდა, და 7.5 მილიარდ აშშ დოლარს გაუტოლდა. პორტფელის ინვესტიციის ვალდებულებებმა 870.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 500 მლნ აშშ დოლარი სამთავრობო ევრობონდებია.

წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საანგარიშო კვარტალის ბოლოსათვის, ეროვნული ბანკის სასესხო ვალდებულებები 1.2 პროცენტით შემცირდა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის კრედიტების კლების ხარჯზე, და 639.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. სამთავრობო სექტორის სასესხო ვალდებულებები 31.5 პროცენტით გაიზარდა გრძელვადიანი ვალდებულებების და სავალუტო ფონდის კრედიტების ხარჯზე. საპირისპიროდ, საბანკო სექტორის სასესხო ვალდებულებები 15.9 პროცენტით არის მოკლებული. აქედან, გრძელვადიანი ვალი 9.3 პროცენტით, ხოლო მოკლევადიანი ვალი 56.3 პროცენტით შემცირდა.  გასული წლის ანალოგიური პერიოდის მიმართ, ვალდებულებები ნაღდი ფულის და დეპოზიტების სახით 35.5 პროცენტით გაიზარდა.

2010 წლის მეორე კვარტალის ბოლოსათვის, ეროვნული ბანკის სხვა გრძელვადიანმა ვალდებულებებმა 213.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც განაწილებულ ნასესხობის სპეციალურ უფლებებს წარმოადგენს.

სხვა სიახლეები