საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია

საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია

01 ივლისი, 2011

საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციის სტატისტიკა ჰარმონიზებულია საგადასახდელო ბალანსის სტატისტიკასთან და მოიცავს ფულად–საკრედიტო, სამთავრობო, საბანკო და სხვა სექტორებს. საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციის სტატისტიკის გამოქვეყნება დაიწყო 2007 წლიდან წლიური პერიოდულობით, ხოლო მონაცემთა მწკრივი მოიცავს ინფორმაციას 2005 წლის 31 დეკემბრიდან. 2009 წლიდან საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციის სტატისტიკა ქვეყნდება კვარტალური პერიოდულობით.

საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციამ 2011 წლის პირველი კვარტალის ბოლოს – 12.4 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 10.9 პროცენტით აღემატება. მთლიანი აქტივები 3.8 მლრდ აშშ დოლარია, მათში 70.7 პროცენტი სარეზერვო აქტივებს უკავია. სარეზერვო აქტივები, წინა წლის პირველ კვარტალთან შედარებით 23.6 პროცენტით გაიზარდა და 2011 წლის 31 მარტის მდგომარეობით 2.7 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. 

რაც შეეხება ვალდებულებებს, საანგარიშო პერიოდისთვის, მთლიანმა ვალდებულებებმა 16.2 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. პირდაპირი ინვესტორე-ბისადმი ვალდებულებები, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 8.4 პროცენტით გაიზარდა და 8.0 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა. პორტფელის ინვესტიციის ვალდებულებები წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 32.0 პროცენტით გაიზარდა, ძირითადად, საქართველოს რკინიგზის მიერ გამოშვებული ევრობონდების ხარჯზე და 1.2 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბა. აქედან, 550.6 მლნ აშშ დოლარი სამთავრობო ევრობონდებია.

წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, სხვა ინვესტიციები საანგარიშო პერიოდის ბოლოსათვის, 15.4 პროცენტით გაიზარდა და 7.0 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. მასში 5.8 მლრდ აშშ დოლარი სესხებს უჭირავს. ეროვნული ბანკის სასესხო ვალდებულებები 2011 წლის მარტის ბოლოს წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0.4 პროცენტით გაიზარდა, ძირითადად საკურსო ცვლილების ხარჯზე და 663.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. სამთავრობო სექტორის სასესხო ვალდებულებები 23.2 პროცენტით გაიზარდა სავალუტო ფონდის კრედიტების და სხვა გრძელვადიანი ვალდებულებების ხარჯზე. საბანკო სექტორის სასესხო ვალდებულებები 10.0 პროცენტით არის გაზრდილი. აქედან, გრძელვადიანი ვალი 4.3 პროცენტით შემცირდა, ხოლო მოკლევადიანი ვალი 3.9-ჯერ გაიზარდა.  გასული წლის შესაბამისი პერიოდის მიმართ, ვალდებულებები ნაღდი ფულის და დეპოზიტების სახით 58.7 პროცენტით გაიზარდა.

2011 წლის მარტის ბოლოსათვის, ეროვნული ბანკის სხვა გრძელვადიანმა ვალდებულებებმა 228.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც განაწილებულ ნასესხობის სპეციალურ უფლებებს წარმოადგენს.

სხვა სიახლეები