საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია

საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია

28 ივნისი, 2013

საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციამ 2013 წლის 31 მარტის მდგომარეობით -16.0 მლრდ აშშ დოლარი (-26.5 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც მშპ-ს 100.3 პროცენტია. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.7 მლრდ აშშ დოლარით (2.9 მლრდ ლარით) არის შემცირებული, ხოლო 2012 წლის ბოლოსთან შედარებით კი 241.9 მლნ აშშ დოლარით (401.1 მლნ ლარით). 2013 წლის პირველი კვარტალის განმავლობაში უარყოფითი იყო როგორც ოპერაციული, ასევე საკურსო, ფასის და სხვა ცვლილებები. 2013 წლის 31 მარტის მდგომარეობით მთლიანი საერთაშორისო აქტივები 5.6 მლრდ აშშ დოლარია (9.3 მლრდ ლარი). მათში 52.4 პროცენტი სარეზერვო აქტივებს უკავია; 27.4 პროცენტი - სხვა ინვესტიციებს; 19.6 პროცენტი - პირდაპირ ინვესტიციებს საზღვარგარეთ; ხოლო 0.6 პროცენტს პორტფელის ინვესტიციები და ფინანსური წარმოებულები შეადგენს. მთლიანი საერთაშორისო აქტივების 19.0 პროცენტი ნაღდი ფულის და დეპოზიტების წილად მოდის; 6.4 პროცენტი სავაჭრო კრედიტებს უჭირავს; 1.7 პროცენტი - სესხებს. სარეზერვო აქტივები, 2012 წლის 31 მარტთან შედარებით, 124.6 მლნ აშშ დოლარით (205.6 მლნ ლარით) გაიზარდა და 2013 წლის 31 მარტის ბოლოს 2.9 მლრდ აშშ დოლარი (4.9 მლრდ ლარი) შეადგინა. სარეზერვო აქტივების მთლიანი წლიური ცვლილებიდან 157.6 მლნ აშშ დოლარი (260.1 მლნ ლარი) ოპერაციული ცვლილება იყო, -31.1 მლნ აშშ დოლარი (-51.3 მლნ ლარი) - კი საკურსო.

რაც შეეხება ვალდებულებებს, საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის, მთლიანმა ვალდებულებებმა 21.6 მლრდ აშშ დოლარი (35.8 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 2.4 მლრდ აშშ დოლარით (3.9 მლრდ ლარით) აღემატება. პირდაპირი ინვესტორებისადმი ვალდებულებები, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 12.1 პროცენტით გაიზარდა და 11.0 მლრდ აშშ დოლარს (18.2 მლრდ ლარს) გაუტოლდა. პორტფელის ინვესტიციის ვალდებულებები ერთი წლის განმავლობაში 36.0 პროცენტით გაიზარდა და 2.1 მლრდ აშშ დოლარი (3.4 მლრდ ლარი) შეადგინა. აქედან, 664.0 მლნ აშშ დოლარი (1.1 მლრდ ლარი) - სამთავრობო ევრობონდებია, 613.2 მლნ აშშ დოლარი (1.0 მლრდ ლარი) - საქართველოს რკინიგზის ობლიგაციები, ხოლო 271.7 მლნ აშშ დოლარი (450.4 მლნ ლარი) - საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ევროობლიგაციები. აქ ასევე შედის სახაზინო ვალდებულებები და სახელმწიფო ობლიგაციები, რომელიც არარეზიდენტებმა შეიძინეს, სულ - 123.1 მლნ აშშ დოლარი (204.1 მლნ ლარი).

წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, სხვა ინვესტიციები, საანგარიშო პერიოდის ბოლოსათვის, 7.8 პროცენტით გაიზარდა და 8.5 მლრდ აშშ დოლარი (14.1 მლრდ ლარი) შეადგინა. მასში 6.6 მლრდ აშშ დოლარი (11.0 მლრდ ლარი) სესხებს უჭირავს. ეროვნული ბანკის სასესხო ვალდებულებები 2013 წლის მარტის ბოლოსთვის წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 49.4 პროცენტით შემცირდა და 283.2 მლნ აშშ დოლარი (469.4 მლნ ლარი) შეადგინა. სამთავრობო სექტორის სასესხო ვალდებულებები წლიურად 9.8 პროცენტით გაიზარდა, გრძელვადიანი ვალდებულებების ზრდის ხარჯზე. წლიურად 24.5 პროცენტით არის გაზრდილი სხვა სექტორების სასესხო ვალდებულებები და 2013 წლის 31 მარტის მდგომარეობით 1.7 მლრდ აშშ დოლარს (2.8 მლრდ ლარს) უტოლდება. 8.1 პროცენტით არის შემცირებული საბანკო სექტორის სასესხო ვალდებულებები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 2013 წლის მარტის ბოლოს 1.3 მლრდ აშშ დოლარს (2.1 მლრდ ლარი) უტოლდება. აღნიშნული შემცირება ძირითადად განპირობებულია საბანკო სექტორის მოკლევადიანი ვალდებულებების საგრძნობი კლებით. გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ვალდებულებები ნაღდი ფულის და დეპოზიტების სახით 36.5 პროცენტით გაიზარდა და 814.1 მლნ აშშ დოლარი (1.3 მლრდ ლარი) შეადგინა.

2013 წლის მარტის ბოლოსათვის, ეროვნული ბანკის სხვა გრძელვადიანმა ვალდებულებებმა 215.9 მლნ აშშ დოლარი (357.8 მლნ ლარი) შეადგინა, რაც განაწილებულ ნასესხობის სპეციალურ უფლებებს წარმოადგენს.

სხვა სიახლეები