საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს 186 მლნ აშშ დოლარის მოცულობის მორიგი ტრანში დაუმტკიცა
საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) დირექტორთა საბჭომ დაასრულა საქართველოში სსფ-ის მხარდაჭერით მიმდინარე 18-თვიანი ეკონომიკური პროგრამის მეორე მიმოხილვა, რომლის შედეგად საქართველო სესხის სახით ფონდისგან 186.6 მლნ აშშ დოლარს მიიღებს.
პროგრამა, რომელიც საქართველოსთვის სულ 477.1 მლნ SDR-ის გამოყოფას ითვალისწინებს, გასული წლის სექტემბერში დამტკიცდა და მიზნად ისახავს საქართველოს მთავრობის მაკროეკონომიკური პოლიტიკის მხარდაჭერას, მთლიანი საერთაშორისო რეზერვების ზრდასა და ქვეყნის მიმართ ინვესტორთა რწმენის განმტკიცებას.
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის, ბატონ დავით ამაღლობელის განცხადებით, „სსფ-ის მიერ არსებული Stand By-პროგრამის ფარგლებში მეორე მიმოხილვის დასრულება წარმოადგენს საქართველოსთვის არა მხოლოდ ფინანსურ მხარდაჭერას: ამ გადაწყვეტილებით სსფ-მ დადებითად შეაფასა საქართველოში დღემდე განხორციელებული მაკროეკონომიკური პოლიტიკა და მოიწონა სამომავლო მაკროეკონომიკური პროგრამა, რაც დადებითი სიგნალია როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი ინვესტორებისა და საერთაშორისო დონორი საზოგადოებისათვის".
„ჩვენ საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებთ, განაგრძონ წარმატებული რეფორმების განხორციელება, შეინარჩუნონ ფისკალური დისციპლინა და დაბალი ინფლაცია", – განაცხადა სსფ-ის მმართველი დირექტორის მოადგილემ ტაკატოში კატომ ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს მიერ საკითხის განხილვის დასასრულს.