საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ეროვნულ ბანკს წერილი გაუგზავნა
07 მარტი, 2007
საერთაშორისო სავალუტო ფონდის ალტერნატიულმა აღმასრულებელმა დირექტორმა იური იაკუშამ საქართველოს ფინანსთა მინისტრს ალექსი ალექსიშვილსა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტს რომან გოცირიძეს წერილი გაუგზავნა.
წერილში ნათქვამია, რომ „საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ გუშინ წარმატებით დაასრულა „სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური განვითარების“ პროგრამის მეხუთე განხილვა. მინდა მოგილოცოთ და თქვენი ყურადღება მივაპყრო რამდენიმე ძირითად საკითხს, რომელიც განხილულ იქნა საბჭოს სხდომაზე. ჩვეული არხებით თქვენ მიიღებთ თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის შეჯამებას და საბჭოს სხდომის უფრო დაწვრილებით ანგარიშს.“
„დირექტორები მიესალმნენ საქართველოს ძლიერ ეკონომიკურ მდგომარეობას ზრდის მაღალი ტემპებისა და ინფლაციის შემცირების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი გარე შოკების მიუხედავად. ეს მიღწევა აღიარებულ იქნა იმ პოლიტიკის ფონზე, რომლის წყალობითაც ბიზნესის კლიმატი გაუმჯობესდა და მაკროეკონომიკური სტაბილურობა მოიტანა. ზოგადად, დირექტორები გაამხნევა თქვენს მიერ აღებულმა ვალდებულებამ – გაატაროთ ანტიინფლაციური პოლიტიკა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ახალი ინსტრუმენტების გამოყენება მისასალმებელ მოვლენად ჩაითვალა.
ის ფაქტი, რომ ფინანსური სექტორი ზოგადად ჯანსაღია, ბევრმა ქებით მოიხსენია. დირექტორებმა აღნიშნეს, რომ 2001 წლის FSAP–ის (ფინანსური სექტორის შეფასების პროგრამა) შემდეგ პროგრესია მიღწეული და მოგიწოდეს ამასწინანდელი FSSA–ის (ფინანსური სისტემის სტაბილურობის შეფასების ანგარიში) რეკომენდაციების შესრულებისაკენ. ამ თვალსაზრისით, ზოგიერთმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა „შესაფერისობის“ კრიტერიუმებისა და ფულის გათეთრების საწინააღმდეგო კანონმდებლობის გაძლიერებაზე. უფრო მეტიც, დირექტორები მიესალმნენ საქართველოს მონაწილეობას ზოგად მონაცემთა გავრცელების სისტემაში და სპეციალურ მონაცემთა გავრცელების სისტემაზე მალე გადასვლის სურვილს,“ – აღნიშნულია წერილში.