საერთაშორისო სავალუტო ფონდი ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის რეგიონში არსებულ ეკონომიკურ ვითარებას პოზიტიურად აფასებს
04 ოქტომბერი, 2005
ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის რეგიონში არსებული ეკონომიკური ვითარება პოზიტიურია. ამ შეფასების მიუხედავად, საერთაშორისო სავალუტო ფონდში გაფრთხილებას ფარული რისკების შესახებაც იძლევიან. სავალუტო ფონდის ექსპერტებმა თბილისის სასტუმრო „მარიოტში“ რეგიონის ეკონომიკის მიმოხილვის ანგარიში წარადგინეს. პრეზენტაციას საქართველოს ეროვნული ბანკის, მთავრობისა და პარლამენტის ხელმძღვანელები დაესწრნენ.
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის რეგიონში გასულ წელს არსებული მაკროეკონომიკური ვითარება შეაფასა, როგორც ჯანსაღი. ფონდის ექსპერტთა მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ რეგიონში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ შარშან, საშუალოდ, 6% შეადგინა, რაც 1998-2002 წლების მაჩვენებელს საგრძნობლად აღემატება. ფისკალური და მიმდინარე ანგარიშების მდგომარეობა რეგიონის უმეტეს ქვეყნებში გაუმჯობესდა. ამის შედეგად, მთავრობის ვალი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში შემცირდა, ოფიციალური რეზერვები კი გაიზარდა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის ყურადღების მიღმა არ დარჩენილა ის გარემოებაც, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ადგილი აქვს საზოგადოების ნაწილის, განსაკუთრებით კი ექსპორტიორებისა და უცხოური აქტივების მფლობელების უარყოფით დამოკიდებულებას ვალუტის გამყარების მიმართ. სავალუტო ფონდში მიაჩნიათ, რომ ექსპორტიორების ამგვარი შიში საფუძველს მოკლებულია, რადგან კორექტირების ორივე ფორმას (ნომინალური გამყარება ან მაღალი ინფლაცია), შედეგობრივად გარე კონკურენტუნარიანობაზე იდენტური გავლენა ახასიათებს.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ, რომელიც სავალუტო ფონდის პრეზენტაციას დაესწრო, კიდევ ერთხელ აღნიშნა სავალუტო ფონდის მხარდაჭერის მნიშვნელობა ქვეყნის განვითარებისათვის. ამავე დროს, რომან გოცირიძემ ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში ფინანსური ნაკადების ზრდის პირობებში ეროვნული ვალუტისა და ინფლაციის პროგრამულ პარამეტრებში შენარჩუნების საკითხზე. „ჩვენ არჩევანის წინაშე ვდგავართ – ან ვალუტის გაცვლითი კურსი ზედმეტად უნდა გამყარდეს, ან ინფლაცია უნდა იყოს უფრო მაღალი. ჩვენი ამოცანა „ოქროს შუალედის“ გამონახვაა. ამ ამოცანას საქართველოს ეროვნული ბანკი თავს წარმატებით ართმევს“, – აღნიშნა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.
საქართველოს გარდა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტში დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობისკიდევ შვიდი სახელმწიფო შედის – სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი და უზბეკეთი.