საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ საქართველოში მუშაობა წარმატებით დაასრულა

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ საქართველოში მუშაობა წარმატებით დაასრულა

14 თებერვალი, 2006
საქართველოს მთავრობასა და ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობასთან ერთკვირიანი მოლაპარაკებები საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ წარმატებით დაასრულა. მიღებულია მემორანდუმი ეკონომიკური და ფინანსური პოლიტიკის შესახებ, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორთა საბჭოს 29 მარტს წარედგინება. სავალუტო ფონდის მისიამ, რომელსაც აღნიშნული ორგანიზაციის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის განყოფილების უფროსი ჯონ ვეიკმან-ლინი ხელმძღვანელობდა, 2005 წელს საქართველოში განხორციელებული მონეტარული და ფისკალური პოლიტიკა დადებითად შეაფასა. შეთანხმებულ მემორანდუმში აისახა 2006 წლის მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის ძირითადი პარამეტრები და პრიორიტეტები.     „ეროვნული ბანკის მიერ გასულ წელს განხორციელებული მონეტარული პოლიტიკა სავალუტო ფონდში დადებითად შეაფასეს. საფრთხეების მიუხედავად, რომელიც, ძირითადად, მსოფლიოში ნავთობის ფასის ზრდით იყო განპირობებული, ეროვნულმა ბანკმა და მთავრობამ შეძლეს ინფლაციის პროგნოზირებული მაჩვენებლის შენარჩუნება“, – აღნიშნა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ. მისი თქმით, საქართველოში მიღწეული ფინანსური წარმატებები საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის შეთანხმებული მუშაობის შედეგია, რაც მიმდინარე წელსაც გაგრძელდება.     მემორანდუმის მიხედვით, 2006 წლის ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლები შემდეგნაირად განისაზღვრა: მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა დაიგეგმა 7,5 პროცენტის ფარგლებში, ინფლაციის ზღვრული მაჩვენებელი კი შენარჩუნდება 5-6 პროცენტის დონეზე.     მემორანდუმის დამტკიცების შემთხვევაში, საქართველო საერთაშორისო სავალუტო რეზერვების შესავსებად მორიგ ტრანშს - დაახლოებით 20 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით - აპრილში მიიღებს.   საერთაშორისო სავალუტო ფონდის „სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური ზრდის“ პროგრამა, დაახლოებით, 141,6 მლნ აშშ დოლარის მოცულობით, 2004 წლის 4 ივნისს დამტკიცდა. აღნიშნული სამწლიანი პროგრამის ფარგლებში პირველი ტრანში, დაახლოებით 20 მლნ აშშ დოლარის ოდენობით, ეროვნულმა ბანკმა 2004 წლის 21 ივნისს მიიღო. მეორე ტრანში საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშზე 2005 წლის 11 იანვარს, ხოლო მესამე 5 აგვისტოს ჩაირიცხა. „სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური ზრდის“ პროგრამის კრედიტების ვადა განისაზღვრება 10 წლით 0,5% წლიური სარგებლის გადახდითა და 5,5-წლიანი შეღავათიანი პერიოდით.
სხვა სიახლეები