საერთაშორისო სავალუტო ფონდის ექსპერტი საქართველოს საბანკო ზედამხედველობის პოლიტიკას პოზიტიურ შეფასებას აძლევს

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ექსპერტი საქართველოს საბანკო ზედამხედველობის პოლიტიკას პოზიტიურ შეფასებას აძლევს

03 ივნისი, 2005
საერთაშორისო სავალუტო ფონდის ექსპერტი ჰოვარდ სკიპ ედმონდსი საბანკო ზედამხედველობის საკითხებში ეროვნული ბანკის რეზიდენტი მრჩეველია. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს საბანკო ზედამხედველობის გაუმჯობესებას. ჰოვარდ სკიპ ედმონდსის საქმიანობას საქართველოს ეროვნულ ბანკში საერთაშორისო სავალუტო ფონდი აფინანსებს. ჰოვარდ სკიპ ედმონდსი ეროვნულ ბანკში რვათვიანი დაკვირვების შემდეგ ბანკის საბანკო ზედამხედველობის სპეციალისტების პროფესიონალიზმის ზრდას აღიარებს, თუმცა აღნიშნავს, რომ აუცილებლია კრიტიკული აზროვნების განვითარება უფრო მეტად და მენეჯმენტის მხრიდან ინსპექტორთა დასკვნებზე ადეკვატური რეაგირება. სსფ-ის მრჩეველის საქართველოს ეროვნულ ბანკში საქმიანობა მიზნად ისახავს საბანკო ზედამხედველობის სფეროში გამოცდილების გაზიარებას და საკონსულტაციო დახმარებას, რამაც, საბოლოოდ, საბანკო ზედამხედველობისა და რეგულირების ხარისხი უნდა გააუმჯობესოს. სისტემის ეფექტურობის შესაფასებლად სავალუტო ფონდის ექსპერტი საბანკო ზედამხედველობის ბაზელის კომიტეტის მიერ შემუშავებულ, ე. წ. 25 ძირითად პრინციპს (ბაზელის ძირითადი პრინციპები) ეყრდნობა. ამ პრინციპების შესაბამისად დაიხვეწა და გაუმჯობესდა ზედამხედველთა ფინანსური ანალიზის ხარისხი, სტატისტიკურ მონაცემთა ბაზა, ლიცენზიის გაცემისა და ადგილზე ინსპექტირების პროცესები. ზოგადი პოზიტიური შეფასების მიუხედავად, ფონდის რეზიდენტი მრჩეველი მიიჩნევს, რომ საჭიროა საქართველოს საბანკო საზედამხედველო პოლიტიკის შემდგომი სრულყოფა და მარეგულირებელი ბაზის განვითარება. „ეფექტური საბანკო ზედამხედველობის განხორციელება ბევრ უსიამოვნო სიურპრიზს აგვარიდებს. მე საქართველოში ჩამოსვლამდე ინდონეზიაში ვმუშაობდი და ამ ქვეყნის გამოცდილებით შემიძლია ვთქვა, რომ არაადეკვატური ზედამხედველობა და როგორც შედეგი – ბანკების გაკოტრება, მათ, დაახლოებით, 60 მლრდ აშშ დოლარი დაუჯდათ“, აღნიშნავს იგი. საბანკო სექტორის მდგრადობის თვალსაზრისით, ექსპერტი პოზიტიურ მოვლენად მიიჩნევს საქართველოში დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შემოღების პროექტს, რითაც მეანაბრეთა და დეპოზიტართა დაცულობის ხარისხი მნიშვნელოვნად ამაღლდება.ჰოვარდ სკიპ ედმონდსი კომერციული ბანკებისათვის მინიმალური საზედამხედველო კაპიტალის ზრდის მოთხოვნას მიესალმება და აღნიშნავს, რომ კაპიტალიზაციის ეტაპობრივი ზრდის ხარჯზე 2008 წლისთვის საბანკო სისტემის „პეიზაჟი“ საკმაოდ მიმზიდველი იქნება უცხოური კაპიტალისათვის.
სხვა სიახლეები