საერთაშორისო სავალუტო ფონდის  აღმასრულებელმა საბჭომ საქართველოსთვის 20,2 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით ტრანშის გამოყოფის საკითხი დაამტკიცა

საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ საქართველოსთვის 20,2 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით ტრანშის გამოყოფის საკითხი დაამტკიცა

03 აპრილი, 2006
საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ „სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური ზრდის“ (PRGF) პროგრამის მესამე შუალედური მიმოხილვის ფარგლებში დაახლოებით, 20,2 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ტრანშის  გამოყოფის საკითხი დაამტკიცა.     საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელი საბჭოს სხდომაზე საქართველოს მთავრობის მემორანდუმი - „საფინანსო და ეკონომიკური პოლიტიკის შესახებ“ - განიხილეს და საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის მიერ გატარებული პოლიტიკა მოიწონეს.   ამავე სხდომაზე საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლების განხილვისას აღინიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების 2006 წლის ეკონომიკური პროგრამის მთავარი მიმართულება ეკონომიკური ზრდისა და სიღარიბის დაძლევის ღონისძიებათა გაგრძელებაში მდგომარეობს, რომელიც ერთმნიშვნელოვნად გულისხმობს მაკროეკონომიკური სტაბილურობასა და ერთნიშნა ინფლაციის შენარჩუნებას. ფონდი ასევე მნიშვნელოვნად მიიჩნევს ქვეყანაში სიღარიბის დაძლევის მიმართულებით მუშაობის გააქტიურებას, ასევე  კერძო ინვესტიციებისათვის პირობების გაუმჯობესებას, მათ შორის, ინფრასტრუქტურის სრულყოფასა და მდგრად ენერგომომარაგებას.   „სავალუტო ფონდის აღმასრულებელი საბჭოს წევრებმა 2005 წელს საქართველოში საბანკო ბუმის წელი უწოდეს. მათი ამგვარი შეფასება ფულად-საკრედიტო სფეროში მიღწეულმა მაჩვენებლებმა განაპირობა,“ – განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ. აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ საქართველოში გაიზარდა კერძო სექტორისათვის გაცემული სესხების მოცულობა, მოიმატა შემოსავლებმა ბანკების აქტივებსა და სააქციო კაპიტალთან მიმართებაში. მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით საქართველოში სესხები უმეტესად უცხოური ვალუტით, ძირითადად კი, აშშ დოლარებით გაიცემა, 2005 წელს სამჯერ მოიმატა ლარებით გაცემული სესხების მოცულობამ, შემცირდა დეპოზიტების დოლარიზაცია. ასევე აღინიშნა 2005 წელს საქართველოში საბანკო ზედამხედველობის  ხარისხის მნიშვნელოვანი გაუმჯობესების შესახებ.   განხილვისას საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილემ ტაკატოში კატომ ყურადღება გაამახვილა იმის თაობაზე, რომ „საქართველოს ეკონომიკაში გრძელდება დადებითი ტენდენციები, რასაც ხელს უწყობს ფისკალური პოლიტიკის შემდგომი გაუმჯობესება და მონეტარული პოლიტიკის წარმართვა ინფლაციაზე კონტროლის კუთხით. საქართველოს ხელისუფლება ახდენს PRGF-ის პროგრამის თანმიმდევრულ განხორციელებას და სტრუქტურული რეფორმების გატარებას. საგადასახადო რეფორმის ფონზე, რომელიც გატარდა 2005 წლის იანვარში, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი კიდევ უფრო გაიზარდა, რამაც ხელისუფლებას პრიორიტეტულ მიმართულებებზე ხარჯების ზრდის შესაძლებლობა მისცა. აღნიშნულმა პოლიტიკამ ქვეყანაში სიღარიბის ზღვარი მნიშვნელოვნად დაწია”.     ტაკატოში კატომ აღნიშნა, რომ „მომავალში მოსალოდნელი უფრო მაღალი სამთავრობო ხარჯები და მნიშვნელოვანი კაპიტალური შემოდინებები ხელისუფლების ფისკალურ და მონეტარულ შტოებს შორის მეტ კოორდინაციას მოითხოვს. ხელისუფლებამ უნდა გააგრძელოს ეროვნული ბანკის უფლებების გაძლიერება, რათა ლიკვიდურობის რყევები ეფექტურად  მოგვარდეს”.   სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილემ ხაზი გაუსვა საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული სტრუქტურული რეფორმების მნიშვნელობას, მათ შორის, საგადასახადო ადმინისტრირების გაუმჯობესებას, სამთავრობო ოპერაციების გამჭვირვალობის ამაღლებასა და კერძო სექტორის სტიმულირებას.     აღმასრულებელმა საბჭომ დაამტკიცა PRGF–ის ფარგლებში დაფინანსების პროგრამა 2004 წლის 4 ივნისს 141,2 მილიონი დოლარის ოდენობით. პროგრამის მესამე შესწავლის დასრულება საქართველოს საშუალებას მისცემს მიიღოს 20,2 მილიონი დოლარი.
სხვა სიახლეები