საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ საქართველოსთვის ფინანსური დახმარება გამოყო

საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ საქართველოსთვის ფინანსური დახმარება გამოყო

02 ოქტომბერი, 2006
საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ საქართველოსთან გაფორმებული  „სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური ზრდის პროგრამის” მიმდინარეობის საკითხი განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება, პროგრამის ფარგლებში, საქართველოსათვის 20 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ტრანშის გამოყოფის თაობაზე. დადებითი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის მიერ პროგრამის ფარგლებში განსაზღვრული ყველა პარამეტრის დაცვა გახდა.   „სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ, გადაწყვეტილების მიღებისას, მხოლოდ ის გარემოება კი არ გაითვალისწინა, რომ საქართველოს მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა მემორანდუმით განსაზღვრული პარამეტრები შეასრულა, არამედ ისიც, რომ 2007 წელს საქართველოში დაგეგმილია ისეთი ეკონომიკურ-ფინანსური პოლიტიკის წარმოება, რომელიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ქვეყანაში ეკონომიკურ მდგომარეობას,” – განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ. სავალუტო ფონდის მიერ გამოყოფილი თანხა საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშზე უახლოეს პერიოდში ჩაირიცხება.   საქართველო მორიგ ტრანშს „სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური ზრდის (PRGF) პროგრამის“ ფარგლებში მიიღებს. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოსათვის  „სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური ზრდის“(PRGF)  ფარგლებში დაფინანსების პროგრამა,141.2 მლნ აშშ დოლარის ოდენობით, 2004 წლის 4 ივნისს დაამტკიცა. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში საქართველომ უკვე მიიღო, დაახლოებით, 80 მილიონი აშშ დოლარი.
სხვა სიახლეები