საერთაშორისო კონფერენცია „პასუხისმგებლობა ფინანსურ სექტორში“
11 ნოემბერს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა, რომელიც KfW development Bank-ისა და European Fund for Southeast Europe (EFSE)-ის მხარდაჭერით გაიმართა.
კონფერენცია, რომლის თემაა „პასუხისმგებლობა ფინანსურ სექტორში“ მიზნად ისახავს ფინანსურ სექტორში პასუხისმგებლობის ზრდის ხელშეწყობასა და სხვადასხვა ქვეყნების ცენტრალური ბანკების მიერ ამ თვალსაზრისით დაგეგმილი პროექტების გამოცდილების გაზიარებას.
კონფერენცია ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ გახსნა: „მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე ზრუნვა ეროვნული ბანკის ერთ–ერთი მთავარი პრიორიტეტია. ჩვენ შევიმუშავეთ კომპლექსური სამოქმედო გეგმა, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს ფინანსური სექტორის პასუხისმგებლობის ზრდის პოპულარიზაციაში. ეკონომიკის განვითარების ტემპი დიდწილადაა დამოკიდებული ეკონომიკური სუბიექტების ფინანსურ გადაწყვეტილებებზე, რაც უფრო გამჭვირვალედ მიიღება ეს გადაწყვეტილებები, მით უფრო სტაბილურია ფინანსური სისტემა. ფინანსურმა ინსტიტუტებმა უნდა იზრუნონ კლიენტებისათვის უტყუარი და ზუსტი ინფორმაციის მიწოდებაზე, პროფესიონალურ რჩევაზე, ამავდროულად კლიენტებმაც ზედმიწევნით უნდა გააანალიზონ თავიანთი ქმედებების ფინანსური შედეგები და უფრო გონივრული გადაწყვეტილება მიიღონ.
მომხმარებელთა უფლებების დაცვა განსაკუთრებით აქტუალური ეკონომიკური კრიზისის შემდეგ გახდა. ბოლო პერიოდში საქართველოს საბანკო სექტორი სწრაფი ტემპით ვითარდება, თუმცა ფაქტია, რომ განვითარების ამ ტემპებს ფინანსურ საკითხებში საზოგადოების ინფორმირებულობის დონე საგრძნობლად ჩამორჩება. ფინანსური სექტორის მიერ შეთავაზებული პროდუქტების სიმრავლე გარდაუვალს ხდის მომხმარებლის დაცვას, რადგან მომხმარებელს არ აქვს საჭირო ინფორმაცია, ფინანსური ცოდნის დონე და რესურსები რომელიც საჭიროა სხვადასხვა პროდუქტების შედარებისთვის,“ – განაცხადა გამოსვლაში გიორგი ქადაგიძემ.
ასეთი ტიპის ღონისძიებები ყოველწლიურად ტარდება ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში ცენტრალური ბანკების დახმარებით. საქართველოში ჩატარებული კონფერენცია არის რიგით მეხუთე. პასუხისმგებლობა ფინანსურ სექტორში უზრუნველყოფს ამ სექტორში ჩაბმული ყველა მონაწილის კეთილდღეობასა და ინტერესების სამართლიანად დაბალანსებას. პასუხისმგებლობის ზრდა ფინანსურ სექტორში აძლიერებს ფინანსურ სისტემას, ზრდის მომხმარებლის რწმენას და სამართლიანობის განცდას, სწორედ ამიტომ ქვეყნებმა უნდა შეიმუშაონ მომხმარებლის დაცვის მექანიზმები.
კონფერენციის ერთ–ერთი მომხსენებელის KfW–ს ფინანსური და კერძო სექტორის განვითარების დეპარტამენტის უფროსის, დასავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მაიკლ მორშელის თქმით, პასუხისმგებლობა ფინანსურ სექტორში იყო წინაპირობა ბიზნესის წარმართვის ჯანსაღი პრაქტიკის განვითარებისთვის. „უიმედო სესხების დადასტურება ბანკებისა და კლიენტების მხრიდან, სესხების დაფარვაზე ვადის გადაცილებამ მნიშვნელოვნად დააზარალა დასავლეთ ევროპის ბევრ ქვეყანაში პორტფელის ხარისხი. ეს ფენომენი მხოლოდ ეკონომიკური კრიზისით არ იხსნება, ეს ყველაფერი უფრო ადრეული პერიოდიდან იღებს სათავეს. მოხარულები ვართ, რომ საქართველო არ არის იმ ქვეყნებს შორის, რომლებსაც ყველაზე მეტად შეეხო ეს პრობლემები. სწორედ ამიტომ საქართველოში მოქმედი ფინანსური ინსტიტუტები უკეთეს პოზიციაში იმყოფებიან იმისათვის, რომ მკაცრად შეარჩიონ კლიენტები მომავალში სესხების მდგომარეობის გამჭვირვალობის გაზრდისათვის და კლიენტებში ფინანსური ცოდნის ამაღლებისთვის,“ – განაცხადა მაიკლ მორშელმა.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ დღეს ახალი ინიციატივის შესახებ გააკეთა განცხადება, რომლის მიხედვით კომერციული ბანკები ვალდებულნი იქნებიან, საკრედიტო ხელშეკრულებებში გაწერონ ყველა ის პირობა, რომელიც დაკავშირებულია კრედიტის აღებასთან და მის დაფარვასთან.
„მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე ზრუნვა ეროვნული ბანკის ერთ–ერთი მთავარი ინიციატივაა. ამ ინიციატივის პირველი ნაბიჯი იყო ეროვნულ ბანკში ცხელი ხაზის ამოქმედება, რითაც მოვახდინეთ პრობლემების იდენტიფიცირება. მეორე მნიშვნელოვანი ნაბიჯი „კრედიტინფოსთან“ დაკავშრებული პროექტი გახლდათ. ახლა ჩვენ ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ვამზადებთ, რაც გულისხმობს კომერციული ბანკების პირდაპირ დავალდებულებას – განსაკუთრებით მცირე სესხების შემთხვევაში – მაქსიმალურად გამჭვირვალე გახადონ ყველა ბუნდოვანი და გაურკვეველი ჩანაწერი. ხელშეკრულებაში მკაფიოდ უნდა გაიწეროს ყველა მოსალოდნელი ხარჯი, თითოეული თეთრი, რომლის გადახდაც მას სესხის აღებისას მოუწევს, იქნება ეს საკომისიო მომსახურება, განაღდების ხარჯი, წინსწრებით გადახდისა თუ დაზღვევის გადასახადები. სწორედ ფინანსური ინსტიტუტები არიან ვალდებულნი იზრუნონ კლიენტებისათვის უტყუარი და ცხადი ინფორმაციის მიწოდებასა და პროფესიონალურ რჩევაზე“ - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ.