საგარეო ვალის გადახდის გრაფიკი
საქართველოს ეროვნული ბანკი იწყებს საგარეო ვალის შესახებ კიდევ ორი დამატებითი ცხრილის პუბლიკაციას. აღნიშნული ინფორმაცია გამოქვეყნდება კვარტალურად, საანგარიშო პერიოდის გასვლიდან არაუგვიანეს მე-100 დღისა.
ცხრილში „სახელმწიფო საგარეო ვალის გადახდის გრაფიკი“ მოცემულია GDDS (მონაცემთა გავრცელების ზოგადი სისტემა) ფორმატის, ხოლო ცხრილში „მთლიანი საგარეო ვალის გადახდის გრაფიკი“ SDDS (მონაცემთა გავრცელების სპეციალური სტანდარტი) ფორმატის მიხედვით და ყოველკვარტალურად ეგზავნება მსოფლიო ბანკს.
ცხრილში „სახელმწიფო საგარეო ვალის გადახდის გრაფიკი“ მოცემულია სახელმწიფო და სახელმწიფოს გარანტიით აღებული საგარეო ვალის მომსახურების გრაფიკი. გრაფიკი მოიცავს ძირითადი თანხისა და საპროცენტო სარგებლის გადახდის ვადებს. უახლოესი ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი ვალები მოცემულია კვარტალური ინტერვალით; ერთიდან ორ წლამდე - ექვსთვიანი ინტერვალით; სამიდან ხუთ წლამდე - წლიური ინტერვალით; ხუთიდან თხუთმეტ წლამდე - ხუთწლიანი ინტერვალით; ხოლო 15 წლის შემდგომ გადასახდელი ვალები გაერთიანებულია. „დაუყოვნებლივ გადასახდელი“ გრაფაში მოცემული თანხიდან 27.8 მლნ აშშ დოლარი წარმოადგენს 1996 წელს აღებულ ყაზახეთის ვალს, რომლიც ექვემდებარება რესტრუქტურიზაციას „პარიზის კლუბი 2“-ის შეთანხმების თანახმად, მაგრამ კრედიტორთან საბოლოო შეთანხმება ჯერჯერობით არ არის მიღწეული. დანარჩენი თანხა წარმოადგენს თურქმენეთის ვალს, რომლის გადახდა ეტაპობრივად მიმდინარეობს.
ცხრილში „მთლიანი საგარეო ვალის გადახდის გრაფიკი“ მოცემულია საგარეო ვალის გადახდის გრაფიკი სექტორების მიხედვით. უახლოესი ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი ვალები მოცემულია კვარტალური ინტერვალით; ერთიდან ორ წლამდე - ექვსთვიანი ინტერვალით; ხოლო ორი წლის შემდგომ გადასახდელი ვალები გაერთიანებულია. „დაუყოვნებლივ გადასახდელი“ გრაფაში შედის არარეზიდენტების დეპოზიტები და ვადაგადაცილებული დავალიანება.