საბანკო ზედამხედველობის ბაზელის კომიტეტის რეგიონალური ჯგუფს 2007-2009 წლებში რომან გოცირიძე უხელმძღვანელებს
04 მაისი, 2007
საბანკო ზედამხედველობის ბაზელის კომიტეტის ამიერკავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებისა და რუსეთის ფედერაციის რეგიონალური ჯგუფის ხელმძღვანელობის უფლებამოსილება სომხეთის რესპუბლიკის ცენტრალური ბანკიდან საქართველოს ეროვნულ ბანკს როტაციის წესით გადაეცა. საბანკო ზედამხედველობის ბაზელის კომიტეტის რეგიონალური ჯგუფს 2007-2009 წლებში თავმჯდომარეობას საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რომან გოცირიძე გაუწევს. შესაბამისად, საბანკო ზედამხედველობის ბაზელის კომიტეტის რეგიონალური ჯგუფის შემდგომი (მე-17) კონფერენცია საქართველოში გაიმართება.
საბანკო ზედამხედველობის ბაზელის კომიტეტის რეგიონალური ჯგუფში შედიან ამიერკავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებისა და რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკები.
საბანკო ზედამხედველობის ბაზელის კომიტეტის რეგიონალური ჯგუფი იკრიბება ყოველწლიურ კონფერენციაზე, სადაც განიხილება საბანკო ზედამხედველობის ბაზელის კომიტეტის დოკუმენტები და რეკომენდაციები, საბანკო ზედამხედველობის ძირითადი პრინციპების გამოყენების შედეგები. საბანკო ზედამხედველობის ბაზელის კომიტეტის ეგიდით კონფერენციის გამართვა ხელს უწყობს გამოცდილების გაცვლას, სტაბილური საბანკო სისტემის ჩამოყალიბებას, გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნების ცენტრალური ბანკების საქმიანობის ძირითადი მიმართულებების კოორდინაციასსაბანკო ზედამხედველობის სფეროში, ეფექტიანი საბანკო ზედამხედველობის ძირითადი პრინციპების დანერგვას, თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას.
საბანკო ზედამხედველობის ბაზელის კომიტეტის რეგიონალური ჯგუფის საქმიანობის მიზნებია: საბანკო ზედამხედევლობის რეგულირებისა და ზედამხედველობის სფეროში თანამშრომლობის უზრუნველყოფა; საბანკო ზედამხედველობის განმახორციელებელ სტრუქტურებს შორის ინფორმაციის გაცვლის ორგანიზება; საბანკო საქმიანობის სტანდარტების დადგენასთან დაკავშირებით კონსულტაციების გამართავა; ბაზელის კომიტეტის საბანკო ზედამხედველობის ძირითადი პრინციპების მიხედვით საბანკო ზედამხედველობის პოლიტიკის, პრაქტიკისა და პროცედურების წარმართვა.
საბანკო ზედამხედველობის ბაზელის კომიტეტის რეგიონალური ჯგუფის შექმნა განაპირობა საბანკო ზედამხედველობის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის განვითარების მზარდმა აუცილებლობამ.
ამასთან, საერთაშორისო საბანკო ოპერაციებისა და მონაწილე ქვეყნების ბანკებს შორის ურთიერთობის სფეროების გაფართოება, მათ შორის, ტრანს-სასაზღვრო საბანკო დაწესებულებების საქმიანობაზე ეფექტიანი, კონსოლიდირებული ზედამხედველობა, საბანკო ზედამხედველობის განხორციელებაზე უფლებამოსილი ორგანოების წინაშე მდგარი პრობლემური საკითხებისა და ამოცანების მსგავსება უაღრესად მნიშვნელოვანს ხდის რეგიონალური ჯგუფის ფუნქციონირებას.
რეგიონალური ჯგუფის დამფუძნებელი კონფერენცია ჩატარდა 1995 წლის 24-25 ოქტომბერს ერევანში ექვსი ქვეყნის (სომხეთი, საქართველო, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი და თურქმენეთი) ცენტრალური ბანკების წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას საბანკო ზედამხედველობის ბაზელის კომიტეტის რეგიონალური ჯგუფის შექმნის თაობაზე. 1996 წელს შეთანხმებას შეუერთდა აზერბაიჯანი და უზბეკეთი, ხოლო 1997 წელს რუსეთის ფედერაცია.