რუსული „ინკრედბანკი“(ИНКРЕДБанк) აფხაზეთში საქმიანობას უარყოფს
16 მარტი, 2007
რუსული „ინკრედბანკი“ (ИНКРЕДБанк) აფხაზეთის ტერიტორიაზე საქმიანობას უარყოფს. რუსულ სააგენტო „რეგნუმისათვის“ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „ინკრედბანკი“ და მის საკუთარებაში არსებული ფულადი გზავნილების სისტემა „ლიდერი“ (ЛИДЕР) არ მუშაობენ, არასოდეს საქმიანობდნენ და არც აპირებდნენ ფუნქციონირებას აფხაზეთის ტერიტორიაზე. „ჩვენ ვსაქმიანობთ კანონის ფარგლებში და მაღალი მორალური პრინციპების შესაბამისად,“ – აღნიშნულია განცხადებაში.
საქართველოს ეროვნული ბანკი მიესალმება რუსული „ინკრედბანკის“ დამოკიდებულებას, საქართველოს ტერიტორიაზე საქმიანობისას დაიცვას საერთაშორისო დონეზე აღიარებული წესები. თუმცა, ამავე დროს, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საანგარიშსწორებო და ფულადი გზავნილების სისტემა VIP Money Transfer-ი, რომელიც „ინკრედბანკმა“ 2006 წელს ფულის გათეთრების გამო ლიცენზიაჩამორთმეული და აწ უკვე გაკოტრების რეჟიმში მყოფ „ვიპ–ბანკისაგან“ (ВИП-Банк) შეიძინა და რომელიც ბაზარზე „ლიდერის“ სახელით განაგრძობს საქმიანობას, უკანონოდ თანამშრომლობდა აფხაზეთის ე.წ. ბანკებთან. ამდენად, „ინკრედბანკის“ განცხადება, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე მისი სტრუქტურის საქმიანობას ადგილი არ ჰქონია, სიმართლეს არ შეესაბამება.
საანგარიშსწორებო და ფულადი გზავნილების სისტემა VIP Money Transfer-ი მოქმედებდა არა მხოლოდ რუსეთში, არამედ მის ფარგლებს გარეთ და მისი მომსახურების არეალში ჩართული იყო აფხაზეთის ე.წ. საბანკო დაწესებულებები. VIP Money Transfer-ის მეშვეობით, აფხაზეთში „შავი“ ფულის გათეთრება ხორციელდებოდა.
აფხაზეთის ე.წ. ბანკები ასევე ჩართულნი არიან ფულადი გზავნილების საერთაშორისო სისტემა „Contact“-ში (ორგანიზატორი – АКБ (Акционерный Коммерческий Банк) «Русславбанк»). „Contact“-ის ოფიციალურ ვებ–გვერდზე მითითებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული სისტემის მეშვეობით შესაძლებელია ფულადი გზავნილების განხორციელება აფხაზეთის 7 დასახლებულ პუნქტში. თუკი „Contact“-ი აფხაზეთში უკანონო საქმიანობას არ შეწყვეტს, მის მიმართ გამოყენებული იქნება საერთაშორისო ნორმებით გათვალისწინებული სანქციები და აეკრძალება საქართველოს კომერციულ ბანკებთან ურთიერთობა.