რუსეთში გაკოტრებულად გამოცხადდა  ბანკი, რომელიც აფხაზეთის ე.წ. საბანკო სისტემასთან თანამშრომლობდა

რუსეთში გაკოტრებულად გამოცხადდა ბანკი, რომელიც აფხაზეთის ე.წ. საბანკო სისტემასთან თანამშრომლობდა

12 მარტი, 2007
რუსული სააგენტო „ლენტა.რუ“-ს ინფორმაციით, რუსული კომერციული ბანკი „ვიპ-ბანკი“ (ВИП-Банк) სასამართლომ გაკოტრებულად გამოაცხადა, რასაც წინ უძღოდა რუსეთის ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილება აღნიშნული ბანკისათვის ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონის დარღვევისათვის საბანკო საქმიანობის ლიცენზიის ჩამორთმევის შესახებ. „ვიპ–ბანკის“ ყოფილი ხელმძღვანელი ალექსეი ფრენკელი რუსეთის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარის მოადგილის ანდრეი კოზლოვის მკვლელობის ორგანიზებისათვისაა დაკავებული. „ვიპ–ბანკს“ გააჩნდა საკუთარი საანგარიშსწორებო და ფულადი გზავნილების სისტემა VIP Money Transfer-ი, რომელიც მოქმედებდა არა მხოლოდ რუსეთში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც და მისი მომსახურების არეალში ჩართული იყო აფხაზეთის ე.წ. საბანკო დაწესებულებები. VIP Money Transfer-ის მეშვეობით, აფხაზეთში  „შავი“ ფულის გათეთრება ხორციელდებოდა.   ასევე ცნობილია, რომ, VIP Money Transfer-ის გარდა, აფხაზეთის ე.წ. ბანკები სარგებლობენ რუსეთის ბანკების საკრედიტო და საანგარიშსწორებო მომსახურებით და ჩართულნი არიან ფულადი გზავნილების საერთაშორისო სისტემებში „Contact“ (ორგანიზატორი – АКБ (Акционерный Коммерческий Банк) «Русславбанк»), სრულიად რუსეთის ბანკთაშორის საგადამხდელო სისტემაში «Золотая Корона» (სისტემის ფუნქციონირებას უზრუნველყოფს ერთიანი საანგარიშსწორებო ცენტრი – Расчетная небанковская кредитная организация (РНКО) «Платежный Центр»). აღნიშნული სისტემების, აგრეთვე რუსეთის სხვადასხვა ბანკების მეშვეობით აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკას შეუძლია აწარმოოს ფინანსური ოპერაციები პრაქტიკულად მთელი მსოფლიოს მასშტაბით. რუსეთის საბანკო სისტემასთან ფინანსური ურთიერთობები დამყარებული აქვთ არა მხოლოდ კომერციულ ბანკებს, არამედ აფხაზეთის ე.წ. „ეროვნულ ბანკსაც“, რომელსაც რამდენიმე ანგარიში აქვს გახსნილი რუსეთის ფედერაციის ქალაქ კრასნოდარის „Крайинвестбанк“-ში.  
სხვა სიახლეები