რუსეთის სახელისუფლებო წრეებში საქართველოს წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების ასამოქმედებლად გამართული დებატების პარალელურად, რუსულ მედიაში საკმაოდ ყურადსაღები ინფორმაცია ვრცელდება. როგორც გაზეთი „კომერსანტი“ იუწყება, რუსეთიდან საქართველოში საბანკო გზავნილების შეჩერება უარყოფითად თავად რუსეთზე იმოქმედებს.
საქმე ისაა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ერთ-ერთ მიზანს ფონდის წევრებს შორის მრავალმხრივი საანგარიშსწორებო სისტემების ჩამოყალიბება და ქვეყნებს შორის ისეთი ოპერაციების აკრძალვის გამორიცხვა წარმოადგენს, რომელიც ხელს უშლის მსოფლიო ვაჭრობის ზრდას. როგორც საქართველო, ისე რუსეთი საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრები არიან, რაც მათ აღნიშნული საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციის წესდება ავალდებულებს. (The purposes of the International Monetary Fund are:… (iv) To assist in the establishment of a multilateral system of payments in respect of current transactions between members and in the elimination of foreign exchange restrictions which hamper the growth of world trade.)
სწორედ ამან ჩააგდო საგონებელში რუსეთის სახელმწიფო სათათბირო. საბანკო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, პაველ მედვედევის განცხადებით, ამის გამო ვერ მოხერხდა კანონპროექტზე მუშაობის დამთავრება. რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში ოფიციალურ პასუხს სავალუტო ფონდიდან ელოდებიან.
როგორ საერთაშორისო სავალუტო ფონდში საქართველოს მხრიდან მმართველმა, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ განაცხადა, “ფონდის ყველა ქვეყანა უნდა დაემორჩილოს მის საწესდებო მოთხოვნებს. მით უმეტეს, წევრი-ქვეყნების ცენტრალური ბანკები, რომელთა ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა საანგარიშსწორებო სისტემის ეფექტიანი ფუნქციონირება. ამ ფუნქციის იგნორირება და ხელოვნური შეფერხება ან მისი გამოყენება პოლიტიკური მიზნით საფრთხეს უქმნის გლობალური ეკონომიკის პირობებში მსოფლიო ფინანსური სისტემის სტაბილურობას. მით უმეტეს, თუ უპასუხისმგებლოდ იქცევა ისეთი დიდი ქვეყანა, როგორიც რუსეთია.
სავალუტო ფონდის წესდების პირველი მუხლის მეოთხე პუნქტის დარღვევა, დარწმუნებული ვარ, რომ უპრეცედენტო შემთხვევაა და არ დარჩება უმკაცრესი შეფასებისა და შესაძლო ადეკვატური რეაგირების გარეშე.”