რუსეთი კაპიტალის ამნისტიის „ქართულ მოდელს“ ირჩევს. რუსეთის ფედერაციის ფინანსთა მინისტრის ალექსეი კუდრინის განცხადებით, ამნისტია გავრცელდება არა მარტო ფულად სახსრებზე, როგორც თავდაპირველად იყო დაგეგმილი, არამედ იმ ქონებაზეც, რომლის შეძენა ამნისტიის გამოცხადებამდე მოხდა.
2006 წლის პირველი იანვრიდან, ფიზიკური პირების კაპიტალის ამნისტიის შესახებ რუსეთის მთავრობაში მომზადებული პროექტის თავდაპირველი ვარიანტის თანახმად, ქვეყნის მოქალაქეებმა უნდა განახორციელონ 2005 წლის პირველ იანვრამდე მიღებული შემოსავლების დეკლარირება და აღურიცხავი ფულადი სახსრები, 13%-იანი საშემოსავლო გადასახადის დანამატთან ერთად, რუსეთის კომერციულ ბანკებში შეიტანონ. ფინანსთა მინისტრის ალექსეი კუდრინის ბოლო განცხადების მიხედვით კი ამნისტიას, ფულად შემოსავლებთან ერთად, საქართველოში განხორციელებული ლეგალიზაციის პროცესის მგავსად, წინა წლებში შეძენილი ქონებაც შეიძლება დაექვემდებაროს.
დაფარული ქონების (შემოსავლის) დეკლარირება-ლეგალიზაციის პროცესი საქართველოში 2005 წლიდან დაიწყო. შესაბამისი კანონის საფუძველზე, ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს მიმდინარე წლის პირველი მაისიდან პირველ აგვისტომდე შესაძლებლობა ჰქონდა, საქართველოს კომერციულ ბანკებში ვადიან ან შემნახველ ანაბარზე ეროვნული ან უცხოური ვალუტით ნაღდი ფულის შეტანის ან საზღვარგარეთიდან ფულადი სახსრების გადმორიცხვის გზით მოეხდინა დაფარული ქონების (შემოსავლის) დეკლარირება-ლეგალიზაცია. გარდა ამისა, საქართველოში მიღებული კანონის თანახმად, იურიდიული პირები სრულად თავისუფლდებიან ყველა ძველი საგადასახადო ვალდებულებებისაგან, საგადასახადო სამსახურში შემოსავლის დეკლარირების შემთხვევაში კი პირს გაცხადებული თანხის ან ქონების ღირებულების მხოლოდ 1%-ის გადახდა მოუწევს.
„უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის აღკვეთის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეღავათები ძალაშია 2005 წლის 31 დეკემბრამდე.