რუსეთიდან ფულის გადმორიცხვის შეჩერება ტექნიკურად შეუძლებელია

რუსეთიდან ფულის გადმორიცხვის შეჩერება ტექნიკურად შეუძლებელია

11 აპრილი, 2006
რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების შესაძლო შეზღუდვის საკითხს რუსეთის პოლიტიკურ და სამეცნიერო-ეკონომიკურ წრეებში „ფინანსური ომის დაწყების“ დეფინიცია მიეცა. რუსეთის სახელმწიფო დუმის საკრედიტო ორგანიზაციებისა და საფინანსო ბაზრების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, პროსაპრეზიდენტო ფრაქციის „ედინაია როსიას“ წევრმა, პაველ მედვედევმა ამ საკითხთან დაკავშირებული საპარლამენტო დებატების დროს აღნიშნა, რომ რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილებზე მკაცრი შეზღუდვის დაწესების იდეას მკვეთრად უარყოფითად აფასებს. „მე ამას ფინანსურ ომს ვუწოდებ,“ – დასძინა მედვედევმა.   ფრაქციის „ედინაია როსია“  კიდევ ერთმა წარმომადგენელმა, სახელმწიფო დუმის საბიუჯეტო და საგადასახადო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ იგორ იგოშინმა აღნიშნა, რომ ამ იდეას არანაირი სამართლებრივი ბაზა არ აქვს. მით უფრო, რომ საქმე ხალხის კუთვნილი სახსრების განკარგვას ეხება. მისი თქმით, „ასეთი იდეები ქვეყნის ეკონომიკისათვის დამაზარალებელია. ადამიანს სრული უფლება აქვს, საკუთარი რესურსები ნებისმიერი მიმართულებით გადაგზავნოს.“ აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო დუმაში ფულადი გზავნილების მიმართ სანქციების ამოქმედების იდეას, ძირითადად, ოპოზიციური ფრაქციების წარმომადგენელები უჭერდნენ მხარს.   „ეს არასერიოზული განცხადებაა,“ – აღნიშნა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ. მისი თქმით, ელექტრონული ანგარიშსწორების ეპოქაში ფულადი გზავნილების შეჩერება ტექნიკურად შეუძლებელია.   „რუსეთის ოფიციალური ხელისუფლების მხრიდან (და არა ზოგიერთი ოდიოზური ყაიდის დეპუტატის გამონათქვამებით) ასეთი ქმედების წამოწყება სერიოზულ ზიანს მოუტანდა რუსეთის საფინანსო სისტემას როგორც რეპუტაციის, ასევე პრაქტიკული შედეგების თვალსაზრისით. სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ რუსეთის კომპეტენტურმა ექსპერტებმა და საფინანსო წრეებმა, ისევე როგორც პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკოსებმა დაგმეს რუსეთის სახელმწიფო დუმის ეს უაზრო ინიციატივა. ქართველები, მრავალი მილიონი ადამიანის მსგავსად, რომლებიც რუსეთში სამუშაოს საძებნელად არიან წასულნი, უზარმაზარ სიმდიდრეს ქმნიან, პირველ რიგში, რუსეთისათვის და ხელს უწყობენ ამ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. ისინი პატიოსანი გზით ნაშოვნ სახსრებს, ხელფასის სახით მიღებულ თანხას სამშობლოში გადმორიცხავენ, რუსეთში დახარჯავენ, თუ სხვა ქვეყანაში გამოიყენებენ, არც მორალურად, არც სამართლებრივად და არც ფინანსურად არავის გადასაწყვეტი არ არის,“ – აღნიშნა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ.   აღნიშნულმა საკითხმა რუსეთის სამეცნიერო-ეკონომიკური წრეებში ნეგატიური გამოხმაურება გამოიწვია. რუსეთის „ეკონომიკის უმაღლესი სკოლის“ ხელმძღვანელმა და ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა ევგენი იასინმა აღნიშნა, რომ ნებისმიერი ასეთი სახის განცხადება მისი ავტორის ელემენტარულ ეკონომიკურ უცოდინრობაზე მეტყველებს. „ბალანსი ქვეყნის ეკონომიკაში მიგრანტის მიერ ჩადებულ სახსრებსა და ქვეყნიდან გატანილი თანხების მოცულობას შორის დადებითია დონორი-სახელმწიფოს სასარგებლოდ,“ – აღნიშნა იასინმა.   2005 წლის მანძილზე საქართველოში რუსეთიდან 250 მილიონი აშშ დოლარი გადმოირიცხა.
სხვა სიახლეები